პირველი მაისის უქმე დღედ გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნება ინიცირებული
პირველი მაისის უქმე დღედ გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნება ინიცირებული

დეპუტატები გია ჟორჟოლიანი და ბექა ნაცვლიშვილი შრომის საერთაშორისო დღის – პირველი მაისის უქმე დღედ გამოცხადებას ითხოვენ. დეპუტატებმა შესაბამისი ცვლილებები „შრომის კოდექსში“ მოამზადეს, რომლის ინიცირება დღეს, 6 მაისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება გამოხატულება სახელმწიფოს მხრიდან შრომისა და მშრომელი ადამიანების პატივისცემის.

„ეს წარმოადგენს აღიარებას შრომის, როგორც საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების ძირითადი ინსტრუმენტის. პირველი მაისის უქმე დღედ გამოცხადება წარმოადგენს სოლიდარობის გამოხატულებას, როგორც ქვეყნის შიგნით მშრომელი ადამიანების მიმართ, ასევე საერთაშორისო დონეზე. პირველი მაისი საერთაშორისო მნიშვნელობის დღეა. ამის დადასტურებაა სწორედ ის, რომ ევროპული ქვეყნების უმეტესობაში პირველი მაისი უქმე დღედა არის გამოცხადებული“, – აღნიშნულია კანონპროექტში.