პირველი მაისიდან 25 ივნისამდე ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო
პირველი მაისიდან 25 ივნისამდე ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო

2018 წლის პირველი მაისიდან 25 ივნისამდე არსებული მონაცემების მიხედვით, ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ამავე პერიოდში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა დახრჩობას 36 ადამიანი გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დაემორჩილონ საზღვაო მაშველების რეკომენდაციებს.

„საზღვაო სეზონის დადგომასთან ერთად, შავი ზღვის სანაპიროზე მოქალაქეების მიერ ზღვაში უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები გახშირდა.

არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არ ემორჩილებიან მაშველების რეკომენდაციებსა და გაფრთხილებებს. გარდა ამისა, ნასვამ მდგომარეობაში შედიან წყალში, რაც მეტწილად ფატალური შედეგით სრულდება.

საზღვაო სეზონის განმავლობაში მოქალაქეების უსაფრთხოებას შავი ზღვის სანაპიროზე 200-მდე მაშველი იცავს. ასევე, საბანაო პერიმეტრზე დამატებით განთავსდა 70-მდე ახალი სამაშველო კოშკურა“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

.