პირველი ლედი ბათუმში მრავალშვილიან ოჯახს, მეწარმე ქალებს შეხვდა და ერგეს საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების ცენტრი დაათვალიერა
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში პირველი ლედი მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა, ოჯახის წევრებს გაესაუბრა და მათი ყოველდღიური საჭიროებებით დაინტერესდა.
თამარ ბაგრატიონი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა ოთახსაც“ ეწვია, სადაც მეწარმე ქალებს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ადგილობრივ ეკონომიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობისა და იმ შესაძლებლობების გაფართოების მნიშვნელობას, რომლებიც ქალებს საკუთარი საქმიანობის განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებაში უწყობს ხელს.
პირველი ლედი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი ინკლუზიური განათლების ცენტრის გახსნის ღონისძიებასაც დაესწრო, სივრცე დაათვალიერა, მის საქმიანობას გაეცნო და ბენეფიციარებისთვის შექმნილი გარემო მოინახულა.