პირველი ივლისიდან ეროვნული ბანკი ხუთი და 20 ლარიანი ბანკნოტების გამოშვებას იწყებს
პირველი ივლისიდან ეროვნული ბანკი ხუთი და 20 ლარიანი ბანკნოტების გამოშვებას იწყებს

2021 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში 2021 წლის ემისიის ხუთი და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების გამოშვებას იწყებს. ინფრომაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული ბანკი ნაღდ ფულზე ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნას მუდმივ რეჟიმში აკმაყოფილებს და, ამავე დროს, მიმოქცევის არხებიდან მოძველებული ბანკნოტების ამოღებასა და მათ განახლებას უზრუნველყოფს. ნაღდ ფულზე მოთხოვნის შეუფერხებელი დაკმაყოფილების მიზნით, 2021 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულის მარაგი ხუთი და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტებით შეივსო.

აღნიშნული ბანკნოტები, მათი წინამორბედი ბანკნოტების იდენტური დიზაინისა და დამცავი ნიშნების მიხედვით და გამოშვების წლით „2021“, საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის ხელმოწერით დამზადდა. ამასთან, ნომინალების ერთმანეთში არევის რისკის შემცირების თვალსაზრისით, 2021 წლის გამოშვების ხუთ და 20 ლარიან ბანკნოტებზე, ძირითადი ფერების შეუცვლელად, მათი ფონური ბადეების ტონალობები უმნიშვნელოდ შეიცვალა. 2021 წლის გამოშვების ხუთი და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალების ბანკნოტების პარალელურად მიმოიქცევა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.