პირველი გოლი ჰოლანდიაში - აბურჯანიამ „ფორტუნას“ გაუტანა
პირველი გოლი ჰოლანდიაში - აბურჯანიამ „ფორტუნას“ გაუტანა

გიორგი აბურჯანიამ „ტვენტეში“ პირველი გოლი გაიტანა. ეს ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატის მეექვსე ტურში მოხდა. 24 წლის ქართველი ნახევარმცველის გუნდი სიტარდში „ფორტუნას“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი ამჯერადაც სათადარიგოებში იყო და მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც „ტვენტე“ 0:2-ს იგებდა და ხუთ წუთში მეტოქის კარი მესამედ აიღო. მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს, სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ საბოლოოდ, მაინც დამარცხდნენ – 2:3.

ქართველი ნახევარმცველი ჰოლანდიურ კლუბს მოსამზადებელი ეტაპის ბოლო მომენტში შეუერთდა. ამას გარდა, სამუშაო ვიზის მოლოდინშიც დიდი დრო გაუცდა და სეზონი ისე დაიწყო, კონკურენტების მსგავს სათამაშო რიტმში არ იყო. პირველი 90 წუთი „ტვენტეში“ დუბლშემადგენლობაში აგვისტოში ჩაატარა. მთავარ გუნდში ერედივიზიონში ხუთჯერ ითამაშა და ხუთივეჯერ – შეცვლაზე.

24 წლის ნახევარმცველმა საქართველო 2014 წელს დატოვა და მას შემდეგ ითამაშა კვიპროსულ „ანორთოსისში“, ესპანური „ხიმნასტიკში“, „სევილია 2“-სა და „ლუგოში“, „ტვენტეში“ კი ზაფხულში ჩაირიცხა.

გიორგი აბურჯანიას ვლადიმირ ვაისმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში კორეასთან (5 სექტემბერს სტამბოლში) და დანიასთან (8 სექტემბერს, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში) შეხვედრებში ძირითად შემადგენლობაში თამაში ანდო.