პირველი ჩემპიონი იყო და გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენი ოლიმპიზმის ისტორიაში - დღეს დავით ციმაკურიძის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა #1TVSPORT
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის, დავით ციმაკურიძის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
„ჩვენი სპორტის ოლიმპიური წარმატებების ისტორია სწორედ დავით ციმაკურიძის გამარჯვებით იწყება. მან შორეულ 1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე ღირესულად წარმოადგინა ჭიდაობის ქართული სკოლა და ოქროს მედლით დაბრუნდა საქართველოში. იმავე ოლიმპიადაზე მაშინდელი საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში ჩვენმა კიდევ ორმა სპორტსმენმა მოიპოვა გამარჯვება, მთლიანობაში კი სულ ცხრა მედალოსანი გვყავდა. ამათ შორის პირველი იყო დავით ციმაკურიძე, რომელსაც გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენი ოლიმპიზმის ისტორიაში“, – განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა.
ღონისძიებაზე გაუშვეს თამარ ბალავაძის სატელევიზიო ფილმი დავით ციმაკურიძეზე.
დავით ციმაკურიძე დაიბადა 1925 წლის 29 მარტს ფოთში. იყო თავისუფალი სტილის მოჭიდავე (79 კგ), პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი (1952, ჰელსინკი); სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1945, 46, 47, 49, 50, 51, 52), მეორე (1954) და მესამე (1948) პრიზიორი; სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (1947, 48) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი; ფილა-ს, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი. გარდაიცვალა 2006 წლის 8 მაისს.