პირველი არხის მიერ შშმ პირთა მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტის ფარგლებში ტრენინგები მიმდინარეობს
პირველი არხის მიერ შშმ პირთა მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტის ფარგლებში ტრენინგები მიმდინარეობს

პირველი არხის პროექტის ფარგლებში, რომელიც შშმ პირთა მხარდასაჭერად ხორციელდება, ტრენინგები მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე ტრენინგებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა პლატფორმის (ტელევიზია, რადიო, ონლაინპორტალი) ჟურნალისტები და რედაქტორები ესწრებიან, რომლებიც პრაქტიკულ სამუშაოებს გაივლიან. ტრენინგების ჩატარებაში ჩართული არიან შშმ პირებიც.

„ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის შშმ პირების ინტეგრაცია საზოგადოებაში, ყველაფერთან ერთად, იმ დიდი პასუხისმგებლობით, რომელიც ჩვენს დიდ ორგანიზაციას აქვს. დიდი ხანია, ვმუშაობთ ამ თემაზე, გვაქვს საკმაოდ დიდი პროგრესი ამ მიმართულებით, თუმცა ჩავთვალეთ, რომ ეს არ არის საკმარისი და დავიწყეთ პროექტი, რომელიც გაიდლაინის სახით უკვე ერთგვარი პოლისი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის და რა თქმა უნდა, თუ სურვილი ექნებათ, ყველა სხვა მედიასაშუალებისთვის. რას გულისხმობს ეს: გვეცოდინება, ასე ვთქვათ, ინსტრუქცია, როგორ უნდა გავაშუქოთ სწორად შშმ თემი, ასევე, ერთგვარი ლექსიკონი გვინდა შევქმნათ, თუ როგორ ვსაუბრობთ ამ თემზე. ხშირად, ჩვენ მიერ გაკეთებული განცხადებები, ფრაზები, რომლებიც გვინდა, რომ პირიქით, წამახალისებელი ან უფრო უშუალო იყოს. ხშირად ვუშვებთ ხოლმე შეცდომებს და გვინდა, გამოვრიცხოთ ეს შეცდომები“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, დღეს ჩატარებული ტრენინგი ტრენინგების სერიის ნაწილია და კიდევ გაგრძელდება.

„ეს მოგვცემს საშუალებას, რომ შემდეგ პრაქტიკული კურსი გადავიტანოთ ფურცელზე. პროექტი დაახლოებით ექვსი თვეა მიმდინარეობს და უკვე ძალიან მალე გვექნება დოკუმენტი, რომელსაც გავუზიარებთ საზოგადოებას“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.

შშმ პირთა მხარდასაჭერად შექმნილი პროექტის მიერ მზადდება მედიაგზამკვლევი, რომელიც მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა საკითხების გაშუქების, კომუნიკაციისა და ქცევის გაიდლაინს. დოკუმენტი დაფუძნებული იქნება კვლევაზე, პროფესიულ ლიტერატურაზე და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე.

ტრენინგების სერიის დასრულების შემდეგ, პრაქტიკული მაგალითები ინტეგრირდება გზამკვლევში და შედგება დოკუმენტის პრეზენტაცია.

გზამკვლევის პრეზენტაციის შემდეგ, დაგეგმილია ტრენინგების დამატებითი სერიები, რომლებიც შექმნილი დოკუმენტის პრაქტიკაში დანერგვას ისახავს მიზნად.