პირველი არხის მასალის საავტორო უფლებების დარღვევით გამოყენების გამო, კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2“ გააფრთხილა
პირველი არხის მასალის საავტორო უფლებების დარღვევით გამოყენების გამო, კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2“ გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ წერილობით გააფრთხილა.

კომისიის ინფორმაციით, პირველი არხის განცხადების საფუძველზე, კომისიამ მონიტორინგი ჩაატარა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა გადაცემაში P.S. საინფორმაციო  გადაცემა „მოამბეს“ მიერ მომზადებული კადრები გამოიყენა. გადაცემა ეხებოდა ქართველ სპორტსმენს, ლევან გორგაძეს, რომელმაც იაპონიაში იმპერატორის თასის მოპოვება შეძლო. გადაცემაში გამოყენებული იყო სპორტსმენის ჩართვა სკაიპით. სწორედ აღნიშნული მონაკვეთი იყო ნაჩვენები „რუსთავი 2“-ის ეთერში, რომელსაც პირველი არხის ლოგო წაშლილი ჰქონდა.

„რუსთავი 2“-ის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვისას, 15 მარტის სხდომაზე კომისიამ მხარეებს მორიგება შესთავაზა და მაუწყებლებს ერთკვირიანი ვადა მისცა. გამომდინარე იქიდან, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, კომისიამ მსჯელობის შედეგად, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა.