პირველი არხის გუნდს მედეა ტაბატაძე და თამარ შუბლაძე შემოუერთდნენ
პირველი არხის გუნდს მედეა ტაბატაძე და თამარ შუბლაძე შემოუერთდნენ

პირველი არხის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თამარ შუბლაძე საქმიანობას დღეს შეუდგა, ის რამდენიმე წელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის პერსონალის შერჩევისა და სასწავლო პროცესების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

„ჩემთვის საპასუხისმგებლო და საამაყოა, წვლილი შევიტანო საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზაციულ განვითარებაში და შევუერთდე გუნდს დაკისრებული მისიის შესრულებაში“, – აცხადებს თამარ შუბლაძე.

მედეა ტაბატაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს კონსულტანტის რანგში შემოუერთდა. მას სხვადასხვა წამყვან კომპანიაში უმუშავია, არის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი და პროფესიონალი HR კონსულტანტი, ასევე ხელმძღვანელობს კომპანია „ინსორსს“.

„მჯერა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ლიდერებთან და გუნდთან ერთად მუშაობა იქნება დინამიურიც, საინტერესოც და, რა თქმა უნდა, გამორჩეული პასუხისმგებლობის, რადგან დღეს მაუწყებელი ქმნის გამორჩეულ მედიაპროდუქტს და სივრცეს ცნობიერების ამაღლების, ინფორმაციის მიღების მიმართულებით. მე ვარ ამ არხის მაყურებელი და ვფიქრობ, პირველი არხი ნებისმიერი თაობის მაყურებლისთვის საინტერესო და ხარისხიან მედიაპროდუქტს ქმნის. ტრანსფორმაციის ამ პროცესში ჩართულობა, თუ მონაწილეობა ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება, რადგან არხის ლიდერებს აქვთ მკაფიო ხედვა, როგორია მომავლის საზოგადოებრივი მაუწყებელი, გუნდის წევრებს კი მოლოდინი, როგორ შევძლებთ ლიდერების ხედვის რეალურ შედეგებად გადაქცევას“, – აცხადებს მედეა ტაბატაძე.

როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი აცხადებს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთ-ერთ მიზნად ისახავს ძლიერი, ორგანიზაციული და კორპორატიული კულტურის შექმნას.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი გარდაქმნის და ტექნიკური გადაიარაღების პროცესს ადამიანური რესურსის განვითარებისგან განუყრელად ხედავს და ერთ-ერთ მიზნად ძლიერი, ორგანიზაციული და კორპორატიული კულტურის შექმნას ისახავს, სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენს გუნდში ახალი პროფესიონალების ჩართვას დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.