პირველი არხის ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოში ჩინეთის ელჩთან, ჭოუ ციენთან [ვიდეო]

პირველი შეკითხვა ეხება საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებს. გთხოვთ, აღწერეთ საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ამჟამინდელი დონე და რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ?

გასული წლიდან ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთსა და საქართველოს შორის. ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ, რომ ორმხრივმა ურთიერთობებმა მიაღწია ისტორიაში უმაღლეს დონეს მას შემდეგ, რაც ჩვენ 32 წლის უკან დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები. ჩინური სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს ორმხრივი ვაჭრობა 2 მილიარდ დოლარზე მეტი იყო. როგორც ვიცით, იანვრიდან სექტემბრამდე ექსპორტი საქართველოდან ჩინეთში 122 პროცენტით გაიზარდა. ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან ზრდას. ღვინისთვის და სანელებლებისთვის გაიხსნა ჩინეთის უზარმაზარი ბაზარი. იგივე პერიოდში, იანვრიდან სექტემბრამდე ჩინეთის ტურისტების რაოდენობა, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, 67 ათასზე მეტია. ეს რაოდენობა გაიზარდა 101 პროცენტით წლიდან წლამდე. ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ მშვენიერი პოლიტიკური ურთიერთობები, ასევე ხალხთაშორისი კონტაქტები. 28 მაისს ჩინეთის კონტინენტურ ნაწილს და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. ასევე, სექტემბერში ჩინეთის ჰონგ-კონგს და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლა შევიდა ძალაში, რომელმაც, ასე რომ ვთქვათ, გააკეთა ახალი ინიექცია ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის. სამომავლოდ კი, ორმხრივი ურთიერთობები იკვეთება „შუა დერეფნის“ და „სარტყელის და გზის ინიციატივის სინერგიით“. ამ განზომილებაში, თუ გავითვალისწინებთ ანაკლიის პორტს, ეს არის დიდი პროექტი თანამშრომლობისთვის. საქართველო გააძლიერებს თავის პოზიციებს, როგორც გზაჯვარედინი რეგიონში და ასევე ჩინეთს და ევროპას შორის.

მეორე შეკითხვა გარკვეულწილად დაკავშირებულია პირველთან. რა არის სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩინეთის მთავარი სტრატეგიული ინტერესები და სამომავლოდ რა როლს შეასრულებს ანაკლიის პორტი ამ კუთხით?

ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული ინტერესები სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ჩვენ განვიხილავთ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთს და აზერბაიჯანს როგორც პარტნიორებს „სარტყელის და გზის ინიციატივის“ გასწვრივ. მეორე მხრივ, ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ ქვეყნები პარტნიორებად, რადგან სამხრეთ კავკასიის ქვეყნები არიან განვითარებადი სახელმწიფოები. განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობები არის ჩინეთის დიპლომატიის საფუძველი. ჩინეთი თავის თავს განიხილავს გლობალური სამხრეთის ნაწილად. ჩვენ დავრჩებით ყველა განვითარებადი ქვეყნის მხარეს, მათ შორის არის საქართველო.

მოდით, გადავიდეთ ჩინეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. როგორ ხედავთ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის სამომავლო ურთიერთობებს და ურთიერთობებს საქართველოსთან ამ კონტექსტში?

ჩინეთსა და ევროკავშირს აქვთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ჩინეთის მიერ აღიარებულია როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლუსი მრავალპოლარულ მსოფლიოში. გასული წლის ბოლოს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის საგარეო პოლიტიკის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ ჩინეთის დიპლომატიის ერთი სამიზნე არის, იყუროს თანასწორად მრავალპოლარულ მსოფლიოში. ეს ნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყანა დიდია თუ პატარა, ჩვენ მათ თანასწორად უნდა მოვეპყროთ. ამ განზომილებაში, მნიშვნელოვანია ჩინეთისა და ევროკავშირის საღი აზრი, ორივე მხარე, ჩინეთი და ევროკავშირი მხარს ვუჭერთ მრავალპოლარულ მსოფლიოს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წელს ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამმხრივი შეხვედრა გამართეს. ამ შეხვედრაზე ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ არა მხოლოდ ევროკავშირის ინსტიტუტებთან, არამედ ევროკავშირის წევრებთან ერთად მუშაობისთვის, ევროკავშირს და ჩინეთს შორის სტაბილური და მდგრადი ურთიერთობებისთვის. ასე ჩვენ გვექნება მსოფლიო უფრო სტაბილური და უფრო აყვავებული.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს. წარსულის გათვალისწინებით, როგორ განვითარდება ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები და ასევე, ელოდებით თუ არა გართულებებს ტაივანის საკითხის ირგვლივ?

ჩინეთისა და აშშ-ს ურთიერთობებში წარსულ წლებში ჩვენ შეგვიძლია, ვნახოთ როგორც აღმასვლა, ასევე ვარდნები, მაგრამ ურთიერთობებში ჩინეთს და აშშ-ს აქვთ დიალოგი და თანამშრომლობა. საერთო ჯამში, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ურთიერთობები სტაბილურია. ჩვენმა პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ისტორიაზე და ახლანდელ ვითარებაზე დაკვირვებით განაცხადა, რომ „თუკიდიდეს ხაფანგი“ გარდაუვალი არ არის. ეს ისტორიის ბერძნული ამბავია. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ცივი ომი არ უნდა მოხდეს და ვფიქრობ, არავინ იქნება გამარჯვებული ახალი ცივი ომიდან. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ შეიძლება იყოს ახალი პრეზიდენტი ვაშინგტონში. მე ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობები, არამედ მთელი მსოფლიოს სარგებელი, ინტერესები და მივცეთ მეტი სიცხადე ამ ტურბულენტურ მსოფლიოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

დაბოლოს, რუსეთი. ვიცით, რომ ჩინეთსა და რუსეთს აქვთ განსაკუთრებული ურთიერთობები, რომელიც სულ უფრო ძლიერდება. შეუძლია თუ არა ჩინეთს, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში?

ჩინეთსა და რუსეთს აქვთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა. თქვენ მართალი ხართ, გასული წლების განმავლობაში ორმხრივმა თანამშრომლობამ მიაღწია ბევრ შედეგებს და სასარგებლო მიღწევებს, მაგრამ არის ძირითადი პრინციპები ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობებში. არის სამი ფაქტორი. ეს ნიშნავს: არ შექმნან ალიანსი, არ შევიდნენ კონფრონტაციაში და არ იყვნენ მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. ეს არის ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობების მთავარი ფაქტორი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვცდილობთ, დავინახოთ ურთიერთობების ახალი რეჟიმი შუა ძალებს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და თუ არსებობს რაიმე შესაძლებლობა ჩვენთვის, ისეთი, როგორიც ჩინეთმა ითამაშა ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის საკითხებში, ვფიქრობ, ჩინეთი ყოველთვის არის მშვიდობისა და კეთილდღეობის მხარეს.