პირველი არხის ჟურნალისტი მარიამ მენაბდე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა
პირველი არხის ჟურნალისტი მარიამ მენაბდე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი, მარიამ მენაბდე გახდა.

კონკურსის შედეგად დეზინფორმაციის და პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდა. პირველი არხის ჟურნალისტმა ჯილდო რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული სამხრეთ-კავკასიური მედიაფორუმის გაშუქებასა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაზე მომზადებული მასალებისთვის მიიღო.

ჟურნალისტები პოლონეთის ელჩმა, მარიუშ მაშკიევიჩმა დააჯილდოვა, მათ სერტიფიკატები და პრიზები გადასცა. გამარჯვებულთა შორისაა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი გიორგი წეროძე და რადიო „თბილისის“ პროდიუსერი მერაბ მერკვილაძე.

პოლონეთის საგარეო უწყების პატრონაჟით განხორციელებული პროექტი ქართველი, უკრაინელი, პოლონელი, სომეხი ჟურნალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით საინფორმაციო სივრცეში პროპაგანდას, „ფეიკ ნიუსებს“, დეზინფორმაციის იდენტიფიცირებასა და მათთან ბრძოლას ისახავდა მიზნად.

დისკუსიები საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ჩატარდა, რომლის დასრულების შემდეგაც მონაწილეებმა სატელევიზიო, ბეჭდური თუ რადიო მასალები მოამზადეს.

პროექტი, სახელწოდებით „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს საინფორმაციო სივრცეში“, პოლონური პროგრამის „დემოკრატიის მხარდაჭერა“ ფარგლებში განხორციელდა, მასში ჩართულია პოლონეთის სოლიდარობის ფონდი. საქართველოში მათი პარტნიორია კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრი.