პირველი არხის ჟურნალისტი გურამ როგავა „თავისუფალი სიტყვის დამცველი 2017“-ის ნომინაციის გამარჯვებულია
პირველი არხის ჟურნალისტი გურამ როგავა „თავისუფალი სიტყვის დამცველი 2017“-ის ნომინაციის გამარჯვებულია

პირველი არხის ჟურნალისტი გურამ როგავა „თავისუფალი სიტყვის დამცველი 2017“-ის ნომინაციის გამარჯვებულია. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი სამართლებრივი დავების მაღალი პროფესიული სტანდარტით გაშუქებისთვის დააჯილდოვა.

„ძალიან დიდი მადლობა, გახარებული ვარ ამ ჯილდოთი. ძალიან მომწონს თქვენი ორგანიზაციის სლოგანი – ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა. ვცდილობ, ეს სამი რამ იყოს ჩემი მუშაობის მთავარი პრინციპი.

ყველას ჰყავს კრიტიკოსები, მათ შორის მეც, რომლებიც ჩემი მისამართით გზავნიან გარკვეულ შენიშვნებს. ერთი, რაც გულწრფელად შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც შეიძლება უბრალოდ მოვიტყუო ან არაკეთილსინდისიერად შევასრულო საქმე, შეგნებულად რაღაც დავამახინჯო. შეცდომები ყველას მოგვსვლია, მათ შორის მეც და ვიმედოვნებ, ეს ჯილდო, რაც თქვენგან მერგო, მომავალში ჩემი საქმიანობის მთავარი პრინციპი იქნება“, – განაცხადა გურამ როგავამ სამადლობელ სიტყვაში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყოველწლიურად გამოავლენენ გამარჯვებულ ჟურნალისტებს და ასევე, აჯილდოებენ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს.

2017 წლის „ყველაზე ღია საჯარო უწყება“ სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გახდა, „საუკეთესო თანამშრომლობისთვის და ინსტიტუციური დიალოგისთვის“ სახალხო დამცველის აპარატი დააჯილდოვეს, ყველაზე კომუნიკაბელური უწყება კი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოა.

ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2014 წლიდან მართავენ. დაჯილდოების ცერემონიაზე სულ 21 ნომინანტი გამოვლინდა.