პირველი არხის აღმასრულებელი საბჭო - სრულიად გაუგებარია ორმაგი სტანდარტებით შეთხზული პრეტენზიები, რომელსაც „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ პირველი არხის მენეჯმენტის მიმართ გამოთქვამს
პირველი არხის აღმასრულებელი საბჭო - სრულიად გაუგებარია ორმაგი სტანდარტებით შეთხზული პრეტენზიები, რომელსაც „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ პირველი არხის მენეჯმენტის მიმართ გამოთქვამს

პირველი არხის აღმასრულებელი საბჭო მიიჩნევს, რომ  მედიის ადვოკატირებისთვის შექმნილი კოალიციის განცხადება პირველი არხის საგამოძიებო ფილმის შესახებ წარმოადგენს თემას აცდენილ, არაკომპეტენტურ და სხვადასხვა ინტერესებით დატვირთულ შეფასებას.

„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ადამიანთა ერთი ჯგუფი შეპყრობილია ამბიციით, დომინირებდეს საზოგადოებრივ აზრზე და დარწმუნებულია, რომ სწორედ მათი ჯგუფი წარმოადგენს ჭეშმარიტების დამდგენ ერთადერთ ინსტანციას. აშკარად ჩანს, რომ აღნიშნული კოალიცია წინასწარგანზრახულად ცდილობს, არასწორად და ფაქტების დამახინჯებით წარმოაჩინოს პირველი არხის პოზიცია, რომელიც მოქმედებდა და გადაწყვეტილებებს იღებდა იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხებოდა არასრულწლოვანებს შორის დატრიალებულ ტრაგედიას.

სრულიად ნათლად ჩანს ისიც, რომ განცხადების ავტორებს, ამ შემთხვევაში, არც მედიის თავისუფლება ადარდებთ და არც საქმის ვითარებაში გარკვევა და მათი ერთადერთი მიზანია, შექმნან ილუზია, თითქოს ისინი და მხოლოდ ისინი არიან ნებისმიერი მოვლენის მთავარი შემფასებლები და დანარჩენმა საზოგადოებამ უპირობოდ უნდა გაიზიაროს მათი მოსაზრებები. სრულიად გაუგებარი და მისამართს აცდენილია ორმაგი სტანდარტებით ხელოვნურად შეთხზული პრეტენზიები, რომელსაც მედიის ადვოკატები პირველი არხის მენეჯმენტის მიმართ გამოთქვამენ და ამ პრეტენზიების უკან ჩანს მხოლოდ დაუკმაყოფილებელი ამბიციები და ჭკუის სწავლების სურვილი. ყველაზე აბსურდულად და სამარცხვინოდ გამოიყურება ბრალდება, რომ თითქოს პირველმა არხმა ფილმი ანახა დაინტერესებულ მხარეს, თუმცა, არ არის დაზუსტებული ვის მიიჩნევს კოალიცია დაინტერესებულ მხარედ იმ ჯგუფებიდან, რომელთაც პირველმა არხმა რამდენიმე შეკითხვით მიმართა პირველ რიგში როგორც დაუინტერესებელ მხარეებს. დიახ, სწორედ იმის გამო, რომ საქმე გვქონდა უკიდურესად მტკივნეულ თემასთან, რომლის მიმართაც არსებობს ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, პირველმა არხმა ამ ფილმთან დაკავშირებით ერთი კონკრეტული შეკითხვით მიმართა საპარლამენტო კომისიას, სახალხო დამცველს და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას და გაუგებარია, რა იწვევს აქ კოალიციის შფოთვას. დაბოლოს. უპასუხო შეკითხვად დარჩა, მაინც რის თქმა სურდა კოალიციას ამ განცხადებით გარდა იმისა, რომ ყველამ მათ უნდა დავუჯეროთ, მაშინაც კი, როდესაც თავად მათთვისაც არ არის ბოლომდე ნათელი, რისი თქმა სურთ“, – ნათქვამია პირველი არხის აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში.

„კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის“ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ მიუღებელ და საფრთხის შემცველ პრეცედენტად აფასებს პირველი არხის მენეჯმენტის მხრიდან ხორავას ქუჩის ტრაგედიის შესახებ „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებული ფილმის ეთერში გასვლისთვის წარმოებულ პროცედურებს“.