პირველად საქართველოში, 10 ივნისს ჯუზეპე ვერდის ოპერის „სიმონ ბოკანეგრა“ პრემიერა გაიმართება [ფოტო]
პირველად საქართველოში, 10 ივნისს ჯუზეპე ვერდის ოპერის „სიმონ ბოკანეგრა“ პრემიერა გაიმართება [ფოტო]

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საპრემიერო სამზადისია. პირველად საქართველოში, 10 ივნისს ჯუზეპე ვერდის ოპერის „სიმონ ბოკანეგრა“ პრემიერა გაიმართება. გენუის ოპერის თეატრის Carlo Felice-ს  დადგმა თბილისის ოპერის თეატრის მუდმივ რეპერტუარში იქნება.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ალფონსო სინიორინია, იტალიელი რეჟისორი, რომლის ნამუშევარიც – ჯაკომო პუჩინის „ტურანდოტი“  ქართველმა მსმენელმა რამდენიმე თვის წინ იხილა.

საპრემიერო სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ოპერის თეატრის სოლისტები, ისე უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი და უცხოელი მომღერლები, მათ შორის : გიორგი გაგნიძე, რამაზ ჩიკვილაძე, თამარ ივერი, ოთარ ჯორჯიკია, გიორგი მჭედლიშვილი, გიორგი ჭელიძე, თამაზ საგინაძე, მანანა იორდანიშვილი.

ჯუზეპე ვერდიმ „სიმონ ბოკანეგრა“ ანტონიო გარსია გუტიერესის დრამის მიხედვით შექმნა. მოქმედებას მე-14 საუკუნის იტალიაში, გრიმალდების სახლში გადავყავართ. ოპერის მთავარ მოქმედ გმირს გენუელი დოჟი, სიმონ ბოკანეგრა წარმოადგენს.

„სიმონ ბოკანეგრას“ მსოფლიო პრემიერა 1857 წლის 12 მარტს ვენეციის Teatro La Fenice-ში შედგა. ახალი რედაქციით „სიმომ ბოკანეგრა“ 1881 წლის 24 მარტს მილანის La Scala-ს სცენაზე დაიდგა და დიდი წარმატება ხვდა წილად. აღსანიშნავია, რომ უდიდესმა უნგრელმა კომპოზიტორმა ფერენც ლისტმა თავისი ბოლო საოპერო პარაფრაზი სწორედ განახლებული „სიმონ ბოკანეგრას“ თემებზე დაწერა.

„სიმონ ბოკანეგრას“ მომდევნო საპრემიერო ჩვენებები 13, 16, 17 ივნისსაა დაგეგმილი.