პირველად ისტორიაში, ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა ვაქცინა, რომელიც ამჟამინდელ საშუალებებზე გაცილებით ეფექტიანია
პირველად ისტორიაში, ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა ვაქცინა, რომელიც ამჟამინდელ საშუალებებზე გაცილებით ეფექტიანია

ავსტრალიაში, ფლინდერსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა წარმოადგინა ახალი ვაქცინა, რომელიც მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.

მიუხედავად იმისა, რომ წამლები კომპიუტერის გამოყენებით აქამდეც არის შექმნილი, ეს ვაქცინა ერთი ნაბიჯით წინ არის, რადგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად შექმნა ხელოვნური ინტელექტის პროგრამა SAM-მა.

ჯგუფის ხელმძღვანელმა, ფლინდერსის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკოლაი პეტროვსკიმ Business Insider-ს განუცხადა, რომ ამ პროგრამის მიზანი იყო ეპოვა ყველა საჭირო ნაერთი ადამიანის კარგი წამლის შესაქმნელად.

მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის პროგრამას მათ ასწავლეს როგორც იმ ნაერთების შესახებ, რომლებიც იმუნურ სისტემას ააქტიურებენ, ისე იმ ნაერთთა შესახებ, რომლებიც არ მოქმედებენ. ამის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის დავალება იყო თავად გაერკვია, რა განასხვავებდა მოქმედ პრეპარატებს უმოქმედოებისგან.

უკვე ამის შემდეგ, ჯგუფმა შექმნა სხვა პროგრამა სახელად „სინთეთიკური ქიმიკოსი“, რომელმაც აწარმოა ტრილიონობით სხვადასხვა ქიმიური ნაერთები, რომლებიც შემდეგ SAM-ს გადასცეს; ამ უკანასკნელს კი მათ შორის უნდა ეპოვნა ის კანდიდატები, რომლებიც კარგი უნდა ყოფილიყო ადამიანის იმუნური სისტემის პრეპარატებისთვის.

ჯგუფმა აიღო SAM-ის მიერ იდენტიფიცირებული ტოპ-10 კანდიდატი, ლაბორატორიაში მოახდინა მათი სინთეზი და ადამიანის სისხლის უჯრედებზე შეამოწმა, რათა ენახათ, მოქმედებდნენ თუ არა.

პეტროვსკის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ SAM-მა არა მხოლოდ გამოავლინა კარგი ნაერთები, არამედ შექმნა იმუნური სისტემის ამჟამინდელზე უკეთესი პრეპარატები.

ამის შემდეგ, SAM-ის მიერ შექმნილი წამლები მათ ცხოველებზე გატესტეს, რათა დაედგინათ, გაზრდიდა თუ არა ისინი გრიპის ვაქცინის ეფექტიანობას.

პეტროვსკის თქმით, ეს მეთოდი ათეულობით წლით ამცირებს ახალი წამლების შექმნის პროცესს და ზოგავს ასობით მილიონ დოლარს.

კვლევა დააფინანსა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა, რომელმაც ახალი პრეპარატის ერთწლიანი კლინიკური ცდები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო.

„ცხოველებზე ჩატარებული ცდებიდან უკვე ვიცით, რომ ვაქცინას ძლიერი დაცვის უნარი აქვს გრიპისგან და ეფექტიანობით გაცილებით აღემატება ამჟამინდელ ვაქცინებს. ამ ეტაპზე, საჭიროა ეს ყველაფერი ადამიანებზეც დამტკიცდეს“, — აღნიშნავს პეტროვსკი.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი