პირველად ისტორიაში, აბელის პრემია მათემატიკაში, ქალმა მიიღო
პირველად ისტორიაში, აბელის პრემია მათემატიკაში, ქალმა მიიღო

პირველად ისტორიაში, პრესტიჟული აბელის პრემია ქალს გადაეცა. ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი კარენ კესკალა ულენბეკი ყოველწლიურ პრიზს მათემატიკაში შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის მიიღებს.

40-წლიანი კარიერის განმავლობაში, ულენბეკის სახელს უკავშირდება მრავალი მიღწევა მათემატიკაში.

პრემიას ნორვეგიის მეცნიერებათა აკადემია გასცემს და მისი დაწესების მიზანი ნობელის პრემიაში არსებული სიცარიელის ამოვსებაა, რომელსაც მათემატიკის კატეგორია არ აქვს.

აბელის კომიტეტის თავმჯდომარის, ჰანს მუნთ-კაასის განცხადებით, კარენ ულენბეკს 2019 წლის აბელის პრემია გადაეცემა თავის ფუნდამენტური ნაშრომებისთვის გეომეტრიულ ანალიზსა და საკალიბრო თეორიაში, რამაც დრამატულად შეცვალა მათემატიკის ლანდშაფტი.

კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, ულენბეკის თეორიებმა რევოლუციურად შეცვალა მინიმალური ზედაპირების ჩვენეული გაგება, ისეთი ზედაპირების, რომლებსაც მაგალითად, საპნის ბუშტები წარმოქმნის; გარდა ამისა, მისმა ნაშრომებმა შეამცირა უფრო ფართო განზომილებათა პრობლემები.

საკალიბრო თეორია თეორიული ფიზიკის ენაა. ულენბეკის შრომამ მოამზადა საძირკველი, რომელიც სასიცოცხლოა ნაწილაკთა ფიზიკისთვის, სიმების თეორიისა და ზოგადი ფარდობითობისთვის.

როგორც წესი, ისტორიულად, მათემატიკისა და სხვა სამეცნიერო პრიზებს ძირითადად მამაკაცები იღებენ. ნობელის პრემიის 904 ლაურეატს შორის ქალი მხოლოდ 51-ია.

აბელის პრემია 2002 წლიდან გაიცემა და გულისხმობს დაახლოებით 704 000 აშშ დოლარის ოდენობის ფულად ჯილდოს.

აბელის პრემია კარენ ულენბეკს 21 მაისს, ოსლოში, სპეციალურ ცერემონიაზე გადაეცემა.