პირველად 2009 წლის შემდეგ თურქეთის ეკონომიკაში რეცესია დაფიქსირდა. 2018 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თურქეთის მშპ 3%-ით შემცირდა. შესაბამის მონაცემებს თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი ავრცელებს.
მესამე კვარტალში ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელმა 1,6% შეადგინა.
ამავდროულად, თურქეთის ეკონომიკური ზრდის საერთო მაჩვენებელმა 2018 წელს 2,6% შეადგინა. ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 7,4%-ს აღწევდა 2016 წლის ივლისის არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ რთული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად.
გასულ წელს თურქული ლირის კურსი დოლართან მიმართებაში 30%-ით დაეცა, ქვეყანაში ინფლაციის დონე 20 %-ს აღწევს.
თურქეთის ეკონომიკამ რეცესია ბოლოს 2009 წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს განიცადა.
აღსანიშნავია, რომ 31 მარტს თურქეთში ადგილობრივი არჩევნებია დანიშნული.