პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 13 პაციენტიდან ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 13 პაციენტიდან ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 13 პირიდან განსაკუთრებით მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

„58 პაციენტი გვყავს ამჟამად. მათგან 13 კორონავირუსით ინფიცირებული. ყველაზე მძიმეა ორი პაციენტი, მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალბატონი და 80 წლის ქალბატონი, რომელიც მანამდე იყო ჩვენს კლინიკაში შემოსული მძიმე მდგომარეობაში. მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა და გადავიდა აპარატულ სუნთქვაზე. ეს ორი პაციენტი იმყოფება აპარატულ სუნთქვაზე. დანარჩენები საშუალო და უფრო მძიმე პაციენტები არიან“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

მისივე თქმით, მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესებულია, თავდაპირველად ის კრიტიკულად მძიმე იყო, ახლა მძიმეა, მაგრამ სტაბილური მიმდინარეობით და მისი კრიტერიუმები მცირედით გაუმჯობესდა.

რაც შეეხება ორსულ პაციენტს, რომელიც დღეს გადმოიყვანეს ბოლნისიდან, საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, 25 წლის ქალი 22 კვირის ორსულია და მისი მდგომარეობა არ არის მძიმე. თუმცა, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, პაციენტს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია, არის დაკვირვებისა და მკურნალობის ქვეშ.