პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ორსული პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ორსული პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 43 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათგან 28 კოვიდინფიცირებულია.

კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, მხოლოდ ერთი პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

ტურძელაძის ცნობით, სტაციონარი დღეს ოთხმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. განმეორებით კვლევაში კი 11 პაციენტია.

„43 პაციენტი გვყავს ამჟამად კლინიკაში, მათ შორის 28 არის კორონავირუსით ინფიცირებული. ამ 28 პაციენტიდან, ერთი მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკით არის. დღეს გავწერეთ ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტი და აღებული გვაქვს 11 მეორადი ტესტი. უარყოფითის შემთხვევაში, რამდენიმე პაციენტს კიდევ გავწერთ კლინიკიდან. გვყავს სამი ორსული ინფიცირებული, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სხვა პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკას ბოლო ორი დღეა, ახალი პაციენტი არ ჰყოლია“,- განაცხადა ტურძელაძემ.