პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 91 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 91 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 118 პაციენტი იმყოფება, მათგან 91 კორონავირუსით ინფიცირებულია.

კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის თქმით, ცხრა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათ შორის სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან, რატიანის განმარტებით, 47 პაციენტს მწვავე პნევმონია აღენიშნება.

„ამ დროისთვის 118 პაციენტია კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებულია 91. ცხრა რეანიმაციულშია, მათგან სამის მდგომარეობა მძიმე, ანუ კრიტიკული, გემოდინამიკის რღვევით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს.

რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, იცით, რომ გადანაწილებულია ეს პაციენტები სიმძიმის კატეგორიების მიხედვით რამდენიმე სართულზე. აქედან 47 პაციენტთან დადასტურებულია მწვავე პნევმონია. მკურნალობა არის სიმპტომური სახელმწიფო გაიდლაინის მიხედვით“,- განაცხადა ლევან რატიანმა.

ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 408-ს შეადგენს, მათგან 95 გამოჯანმრთელდა.