პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 67 პაციენტი იმყოფება, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 67 პაციენტი იმყოფება, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 84 პაციენტი იმყოფება, აქედან 67-ს კოვიდ19 აქვს დადასტურებული.

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი კლინიკას დღეს დაემატა.

რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, რატიანის თქმით, რეანიმაციული განყოფილებიდან თერაპიულ განყოფილებაში მოთავსდა 81 წლის ქალი, რომელიც რამდენიმე დღეში გაეწერება.

„რეანიმაციული განყოფილებიდან გადმოვიყვანეთ 81 წლის ქალბატონი, რომელიც შემოსული იყო კლინიკაში 18 დღის წინ. გვყავს თერაპიულ განყოფილებაში დაკვირვების მიზნით და სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაეწერება“ , – აღნიშნა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, ოთხი პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო კიდევ ორის – სტაბილურად მძიმე.

„ჰემოდინამიკის პარამეტრები შედარებით გაუმჯობესებულია. დანარჩენების მდგომარეობას რაც შეეხება, გვყავს კიდევ ერთი პაციენტი 41 წლის, რომელთანაც სახეზეა ორმხრივი მწვავე პნევმონია, კოვიდინფიცირებულია და არის სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირატორული დისტრესი. მდგომარეობა შეიძლება ჩაითვალოს სტაბილურად, არ საჭიროებს მაღალი კონცენტრაციის ოქსიგენოთერაპიას“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანის განმარტებით, ამ ეტაპამდე სტაბილურია ორსულის მდგომარეობა, ხოლო სამ მოზარდთან დაავადება კლინიკის გარეშე მიმდინარეობს.

„გვყავს სამი მოზარდი. მინდა, გითხრათ რომ ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად, არც ერთთან პათოლოგია არ ვლინდება, ასევე არაა კლინიკური გამოვლინებები“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.