პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 66 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 66 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 81 პაციენტი იმყოფება, მათგან 66 დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით.

კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე რეანიმაციაში ცხრა პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

„მათი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. აქედან სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, იმყოფებიან სიპაპ ვენტილაციაზე, მაღალსიხშირული ოქსიგენაციით“ , – განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება 42 წლის მამაკაცს, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, ლევან რატიანის განმარტებით, ის თერაპიულ განყოფილებაში გადავიდა.

რატიანის განცხადებით, თერაპიულ განყოფილებაში რეანიმაციიდან კიდევ ერთი პაციენტის გადაყვანა იგეგმება.

„42 წლის პაციენტს მოეხსნა სუნთქვის უკმარისობა, კვლევების შედეგად აღდგენილია ფილტვის ქსოვილის სტრუქტურა, გადავიდა თერაპიულ განყოფილებაში. კიდევ ერთი პაციენტის გადაყვანას ვაპირებთ, რომლის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.

66 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, 33-ს მწვავე პნევმონიის დამახასიათებელი სურათი აქვს, ითვლებიან საშუალო სიმძიმის პაციენტებად. მძიმე რჩება რეანიმაციაში ოთხი პაციენტი, სამი არის კრიტიკული“ , – აღნიშნა ლევან რატიანმა.

ამასთან, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მყოფი ცხრა კვირის ორსულის მდგომარეობა სტაბილურია.

„პაციენტი ელოდება 14 დღის გასვლას, რომ პროტოკოლის მიხედვით ჩაუტარდეს ტესტირება“, – განაცხადა რატიანმა და დასძინა, რომ სტაბილურია სამი მოზარდის მდგომარეობაც.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 266-ს შეადგენს, აქედან 67 გამოჯანმრთელდა.

საქართველოში ვირუსისგან სამი ადამიანი არის გარდაცვლილი.