პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ხუთი პაციენტი დატოვებს, მათ შორის ორი მოზარდია
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ხუთი პაციენტი დატოვებს, მათ შორის ორი მოზარდია

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 99 პაციენტი იმყოფება, მათგან 83 კორონავირუსით ინფიცირებულია.

კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, ხუთ პაციენტზე განმეორებითი ტესტის პასუხი უარყოფითია და ისინი კლინიკიდან გაეწერებიან.

„უარყოფითი პასუხი მივიღეთ ხუთ განმეორებითზე და ხუთივე პაციენტი დატოვებს კლინიკას, მათ შორის ორი არის 14 და 15 წლის მოზარდი“, – განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, რატიანის თქმით, რვა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას.

ამასთან, რატიანის განმარტებით, გაუმჯობესდა 82 წლის ქალის მდგომარეობა, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი აქვს.

„რეამინაციულ განყოფილებაში რვა პაციენტი გვყავს. გუშინ გითხარით, რომ უარყოფითი დინამიკის გარეშეა. ქალბატონი, რომელიც გვყავს 82 წლის შაქრიანი დიაბეტით, ორივე ქვემო კიდურის ამპუტაციით და მიკრო ანგიოპათიის გამო გართულებული პრობლემებით, მოიხსნა აპარატიდან, არის ადეკვატური, კონტაქტური, გემოდინამიკა, სუნთქვის პარამეტრები არის სტაბილური, რჩება ოქსიგენდამოკიდებული.

დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად დადებითია, ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად რამდენიმე მათგანს, რომელსაც ჰქონდა მაღალი ინდექსი ფილტვის ქსოვილის დაზიანების, ამ შემთხვევაში, არ დასტურდება. გუშინ მივიღეთ ორი ახალი პაციენტი, მათთან ჩატარებული კვლევების შედეგად, არც ერთთან პათოლოგიური დაზიანების კერა არ გამოვლინდა“, – განაცხადა რატიანმა.