პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ცხრა პაციენტი დატოვებს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ცხრა პაციენტი დატოვებს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 106 პაციენტი იმყოფება, მათგან 81 კორონავირუსით ინფიცირებულია.

ამასთან, დღეს კლინიკიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ცხრა პაციენტი ეწერება.

კლინიკის ექიმის ლევან რატიანის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიიდან ასევე რამდენიმე პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 106 პაციენტი, აქედან ინფიცირებული რჩება 81 პაციენტი. დღეს კლინიკიდან კოვიდის გარეშე ეწერება ცხრა გამოჯანმრთელებული. პირველადად გაგზავნილი გვაქვს რამდენიმე ტესტის პასუხი და ველოდებით განმეორებითს. მთავარია, ჩვენი კლინიკიდან გაწერილი პაციენების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც კიდევ ერთხელ გვახარებს“,- განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, რატიანის თქმით,  ამჟამად არც ერთ მათგანთან უარყოფითი კლინიკა არ ვლინდება.

„რაც შეეხება დღეს არსებულ კლინიკურ მდგომარეობას, მინდა, გითხრათ, რომ არც ერთ პაციენტთან უარყოფითი კლინიკა არ ვლინდება. იცით, რომ გვყავდა რვა რეანიმაციის პაციენტი. აქედან ექვსი გვყავს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ორი სპონტანურ სუნთქვაზეა. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილური. ყველა მათგანი უარყოფითი კლინიკის გარეშეა, ზოგიერთ მათგანთან გამოხატულია დადებითი დინამიკა. ეს იმით ვლინდება, რომ გამარტივებულია ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია და მზადდებიან ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის მოხსნისთვის. იმედია, ეს მალე განხორციელდება. დანარჩენ პაციენტებთან, რომლებიც ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან, განსაკუთრებით თერაპიულ განყოფილებაში, უმეტეს მათგანთან ინფექციის კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპამდე ლიკვიდირებულია“, – განაცხადა რატიანმა.

ამასთან, ლევან რატიანი ამბობს, რომ კლინიკაში საეჭვო სიმპტომების მქონე ერთი ახალი პაციენტი მიიღეს, რომელთან დაკავშირებითაც კოორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდებიან.

„ერთი ახალი პაციენტი მივიღეთ, საეჭვო შემთხვევა. საქართველოს მოქალაქეა სხვა ქვეყნიდან. ამ ეტაპამდე მისი მდგომარეობა არის სტაბილური. ველოდებით „კოვიდ-19“-ზე პასუხს და ამის მიხედვით გადაწყდება ყველაფერი“, – დასძინა რატიანმა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 168-ს შეადგენს, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი 517-ია.