პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება პარლამენტში 15 ოქტომბერს მოხდება
პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება პარლამენტში 15 ოქტომბერს მოხდება

პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება 15 ოქტომბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები, მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი და გოგა გულორდავა არიან. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება სამართალდარღვევისთვის სახდელდადებული პირი, რომელსაც 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე აღებული ჰქონდა დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა და პირველი ოქტომბრიდან ახალი ნებართვის აღება ვერ მოახერხა.

„პირველ ოქტომბერს მოცემულობა დადგა, როცა მსუბუქი M1 კატეგორიის ავტომობილების მძღოლები დაჯარიმდნენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, კერძოდ, სანებართვო პირობების დარღვევისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე მგზავრთა გადაყვანისთვის. შესაბამისად, იმისთვის, რომ ტაქსებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რეფორმა წარმატებით გაგრძელდეს და ნებართვის მფლობელთა გაურკვევლობიდან გამომდინარე მათ უსამართლოდ დაჯარიმების განცდა არ ჰქონდეთ, საჭიროა, პარლამენტმა გაატაროს ერთჯერადი და განსაკუთრებული ღონისძიება – პირველ ოქტომბერს ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირები გათავისუფლდნენ ჯარიმისა და შესაბამისი საურავის გადახდისგან“, – ნათქვამია პროექტში.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პირველ ოქტომბერს სამართალდარღვევისთვის დადებული სახდელისგან მისაღები შემოსავალი 89 900 ლარს წარმოადგენს, რაც ინიციატორების განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ შევა.

ამასთან, კანონპროექტში საუბარია იმ პირებზეც, რომელთა მიმართაც კანონპროექტის მოქმედება ვრცელდება. ინიციატორების ცნობით, პირველ ოქტომბერს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი ნაწილით დაჯარიმებულია – 515 პირი, ხოლო მუხლის მეორე ნაწილით – 192 პირი. დეპუტატების ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად 515 პირს 100 ლარის გადახდა არ მოუწევს, ხოლო 192 პირს – 200 ლარის.