პირველ არხზე ახალი ქართული სერიალი „იდეალური დედა“ იწყება

დღეიდან, ყოველ სამუშაო დღეს, 20:45 საათზე პირველი არხის ეთერშია ახალი ქართული სერიალი „იდეალური დედა“.

იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ლიცენზირებული კონტენტი იტალიური სერიალის ანალოგია.

პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, ასეთი დიდი წარმოება პირველ არხს დიდი ხანია, არ ჰქონია.

„სერიალი ერთი დიდი ოჯახის ამბავს მოგვითხრობს და 4 მარტიდან ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ დაწყებამდე 15 წუთით ადრე გავა ეთერში. სერიალის პერსონაჟებში ყველა ჩვენგანი ამოიცნობს თავს. 15-წუთიანი სერიები არის მთავარი გმირის ერთგვარი ვიდეობლოგი, რომელიც მაყურებელს ყოველ საღამოს საკუთარი ოჯახის შესახებ უამბობს“, – აცხადებს თინათინ ბერძენიშვილი.

60-სერიიანი ახალი ქართულის სერიალი „იდეალური დედა“ ეთერში სამი თვის განმავლობაში იქნება. გადაღებები კი, სერიალის დაწყების შემდეგ, პარალელურად გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი