პირს, რომელიც ფარული ჩანაწერების ინტერნეტში ატვირთვაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, საქმეზე კიდევ შვიდ ბრალდებულს კი, გირაო
პირს, რომელიც ფარული ჩანაწერების ინტერნეტში ატვირთვაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, საქმეზე კიდევ შვიდ ბრალდებულს კი, გირაო

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელება-შენახვის საქმეზე კიდევ რვა პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. მოსამართლე მაკა გველესიანის გადაწყვეტილებით, ზურაბ სოლომნიშვილს, რომელიც კადრების „იუთუბზე“ ატვირთვაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანარჩენ შვიდ პირს კი გირაოთი გაათავისუფლებენ. ირმა ხოროიშვილსა და სპირიდონ სურამელს 10 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოუწევთ, ინგა ხოროიშვილს 2 ათასი ლარის, ხოლო სერგო ირემაშვილს, ბადრი ჩოფლიანს, გიორგი ფარცვანიასა და გიორგი კასრაძეს 5 ათასი ლარის.

2 თებერვალს ამავე საქმეზე ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო შვიდს – გირაო. საქმეზე შსს-მ სულ 17 ადამიანი დააკავა.

შსს-მ პირველ თებერვალს დააკავა პირი, რომელმაც უწყების ცნობით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი „იუთუბზე“ ატვირთა.

მანამდე კი, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ბრალდებით 16 პირი დააკავა.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 27 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება.