პირლო, გატუზო, ბუფონი და ფეხბურთის სხვა ვარსკვლავები - კახა კალაძის ფეისბუქლაივი „სან სიროდან“ [ვიდეო]

მილანში, „სან სიროზე“ დღეს იტალიელი ფეხბურთელის, ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება, რომელშიც თბილისის მერი, კახა კალაძეც ითამაშებს.

თამაშის დაწყებამდე კახა კალაძემ „სან სიროდან“ ფეისბუქლაივი ჩართო, რომელშიც მატჩის წინა სამზადისი და სტადიონზე შეკრებილი მსოფილიო ფეხბურთის ვარსკვლავები ჩანან, მათ შორის ანდრეა პირლო, მილანის ამჟამინდელი მწვრთნელი ჯენარო გატუზო, პაოლო მალდინი, რონალდო, ანდერი შევჩენკო, იუვენტუსის ლეგენდა ჯიჯი ბუფონი, რომელმაც კლუბი ორი დღის წინ დატოვა, კრისტიან ვიერი, ფილიპო ინძაგი, პატო.

„საღამო მშვიდობის. ახლა ვიმყოფები ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელ თამაშზე და ძალიან სასიამოვნო გარემოა. ძალიან მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩემს მეგობრებთან ერთად, ადამიანებთან, ვისთანაც 10 წლის განმავლობაში, თუ რაიმე წარმატებას შეიძლება მიგვეღწია, ყველაფერი მოვიგეთ, ნამდვილად მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა, ჩემს მეორე სახლში დავბრუნებულიყავი, „სან სიროზე“, ქალაქ მილანში, სადაც ჩემი ყოფილი თანაგუნდელები არიან შეკრებილები და ცოტა ხანში დაიწყება ეს შეხვედრა“, – აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძემ ასევე მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, „მილანის“ შემადგენლობაში თამაშის პერიოდში გამოჩენილი თანადგომისთვის.

„ნამდვილად ძალიან სასიამოვნო გარემოა და მგონია, რომ ფეხბურთის თამაშიც იქნება ძალიან საინტერესო. ვიცი, რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი უყურებს ჩვენს ამ ჩართვას მილანიდან. მინდა, ყველას მივესალმო და კიდევ ერთხელ მადლობა მოვახსენო იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რასაც თითოეული თქვენგანი იჩენდით, როდესაც მე მილანის შემადგენლობაში ვთამაშობდი. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას ძალიან ვაფასებ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.