პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით მიიღებს
პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით მიიღებს

პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით მიიღებს.

კანონპროექტის განხილვა მესამე მოსმენით დღეს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოხდება, შემდეგ კი პლენარულ სესიაზე დამტკიცდება.

პროცედურის მიხედვით, კანონპროექტის დამტიცების შემდეგ დოკუმენტი საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება, სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერის შემდეგ კი ძალაში შევა.

„ჯერ საკომიტეტო სხდომაზე, ხოლო შემდეგ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განვიხილავთ ე.წ. პირბადეების შესახებ კანონპროექტს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დეტალურად გავწერეთ, თუ რა შემთხვევებშია პირბადის ტარება სავალდებულო. პირბადის ტარება არის სავალდებულო საერთაშორისო რეკომენდაციებიდან გამომდინარე, რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე. დახურულ საჯარო სივრცეებში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იღებენ სერვისს, ამ დროს აუცილებელია პირბადის ტარება. ასევე, სავალდებულოა პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაადგილების დროს, ისევე, როგორც ტაქსით მგზავრობის დროს. წესით, ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ მესამე მოსმენით ეს პროექტი, რომელიც უნდა გადაეგზავნოს საქართველოს პრეზიდენტს და მის მიერ ხელმოწერისთანავე ამოქმედდება. ეს შესაძლებელია იყოს ამ კვირაშივე ან მომდევნო კვირის დასაწყისში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პანდემიის ან ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 500 ლარით.

ამასთან, ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით. ასევე, 20-ლარიანი ჯარიმა არის გათვალისწინებული ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევაზე.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტით დაკონკრეტდა, რომ პირბადის ტარების წესს, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დაადგენს საქართველოს მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.

კანონპროექტით განისაზღვრება ისიც, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სახდელის დადებას, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი ორგანოების გარდა, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოებიც განახორციელებენ.