პიოტრ ტოლსტოი - ჩვენ გვიყვარს უკრაინა, რუსული ჯარი არ არის უკრაინის ტერიტორიაზე და არც არასდროს ყოფილა

ჩვენ გვიყვარს უკრაინა, რუსული ჯარი არ არის უკრაინის ტერიტორიაზე და არც არასდროს ყოფილა, – ასე უპასუხა რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა პიოტრ ტოლსტოიმ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დროებითი კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, როდის დატოვებდა, რუსული ჯარი უკრაინის ტერიტორიას.

„არ გვინდა ეგეთი კითხვები, რუსული ჯარი არ არის უკრაინის ტერიტორიაზე და არც არასდროს ყოფილა. და თუ ის იქ იქნებოდა, მაშინ უკრაინის ტერიტორია უკვე რუსეთის ნაწილი იქნებოდა“, – განაცხადა ტოლსტოიმ.

ჟურნალისტმა რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერს ყირიმის ანექსია შეახსენა, რაზეც ტოლსტოიმ უპასუხა:

„ყირიმი რუსეთის ნაწილია. ეს ყირიმის მოსახლეობის გადაწყვეტილებაა, რომელიც მათ 18 მარტის რეფერენდუმზე მიიღეს. სხვა გადაწყვეტილება ამ საკითხზე არ იქნება“.

რუსეთის დუმის დეპუტატები რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად მივიდნენ ევროსაბჭოში, რათა საპარლამენტო ასამბლეის დროებითი კომიტეტის სხდომას დასწრებოდნენ.

კომიტეტის სხდომაზე რუსეთის ორი წარმომადგენელი – დუმის ვიცე-სპიკერი პიოტრ ტოლსტოი და საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი მიიწვიეს.

როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, დროებითი კომიტეტის სხდომა რუსეთის საკითხის განსახილველად არ შემდგარა.

ამის მიუხედავად, საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა დროებითი კომიტეტის სხდომა მაინც გამოიყენეს და დუმის ვიცე-სპიკერსა და კომიტეტის თავმჯდომარეს შეახსენეს, რომ რუსეთს ვალდებულებები შესასრულებელი აქვს და ორგანიზაციის პრინციპებსა და მოთხოვნებს იგნორირებას უკეთებს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი სტრასბურგიდან იუწყება, აღნიშნული კომიტეტის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შემდეგი შეკრება 18 მარტს, პარიზში გაიმართება.

რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის მიცემა 2014 წლის აპრილიდან აქვს შეჩერებული. აღნიშნულ სანქციას ორგანიზაციამ იმის გამო მიმართა, რომ რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასა და ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებდა.