პიანისტმა დავით ალადაშვილმა ენგურის ხიდზე კლასიკური მუსიკის კონცერტი გამართა
ახალგაზრდა პიანისტმა, დავით ალადაშვილმა, მუსიკალური ტურნეს „პიანინო“ ფარგლებში, ენგურის ხიდზე კლასიკური მუსიკის კონცერტი გამართა. კონცერტს ადგილობრივ მელომანებთან ერთად ის ადამიანები ესწრებოდნენ, რომლებიც ყოველდღე ამ ხიდით აფხაზეთში გადადიან.
კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, „ჯულიარდის“ კონსერვატორიის კურსდამთავრებულმა, ცნობილმა ახალგაზრდა პიანისტმა, დავით ალადაშვილმა მუსიკალური ტურნეს „პიანინო“ ფარგლებში, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელს საქართველოში იმოგზაურა და 50-მდე კონცერტი ჩაატარა.
როგორც ალადაშვილმა აღნიშნა, ამ პროექტით სურს, საქართველოს ყველა რეგიონში, საზოგადოების ფართო მასებს მიაწვდინოს ცოცხალი, კლასიკური მუსიკის ხმა.
„განსაკუთრებით მიხარია და დიდი პატივია, რომ ბევრგან პირველად გაჟღერდება კლასიკური მუსიკა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ახალგაზრდა აღმოაჩენს და შეიყვარებს ფორტეპიანოს”, – აღნიშნა პიანისტმა, დავით ალადაშვილმა.
ტურნეს დასკვნითი კონცერტი 22 სექტემბერს, თბილისში გაიმართება.