პიაცა „ფიორენტინაში“ გადავიდა, „სიტიმ“ ჰარტი გაუშვა - 7 აგვისტო სატრანსფერო ბაზარზე
პიაცა „ფიორენტინაში“ გადავიდა, „სიტიმ“ ჰარტი გაუშვა - 7 აგვისტო სატრანსფერო ბაზარზე

დღის TOP3 ტრანსფერი

– ჯო ჰარტი „ბარნლიში“ გადავიდა. „სიტის“ ექს-მეკარემ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მანჩესტერული კლუბი კი 5-6 მილიონ ევროს მიიღებს.

– „ლევერკუზენმა“ „ანდერლეხტიდან“ ერთი სეზონით იჯარით აიყვანა შვედი ისააკ ტელინი. ეს ფეხბურთელი კიევის „დინამოსა“ და მოსკოვის „ლოკომოტივს“ უნდოდათ.

– „ფიორენტინამ“ გამოაცხადა „იუვენტუსიდან“ მარკო პიაცას იჯარით აყვანის შესახებ. ტურინული კლუბი ამაში 2 მილიონ ევროს იღებს, რის შემდეგაც „ფიორენტინას“ ექნება ხორვატის 20 მილიონად გამოსყიდვის უფლება. გარდა ამისა,კევინ მირალასი იტალიაში ჩავიდა, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს „ფიორენტინაში“. ფლორენციელები ფეხბურთელს იჯარით აიყვანენ „ევერტონიდან“.

დღის TOP3 ჭორი

– გაზეთი Marca დარწმუნებულია, რომ მატეო კოვაჩიჩი ახლოსაა „ჩელსიში“ გადასვლასთან. მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ მატეო იჯარით წავა, მაგრამ გამოსყიდვის უფლების გარეშე. „რეალიც“ თანახმაა იჯარით მისცეს „ჩელსის“ კოვაჩიჩი, რადგან ეს დაეხმარება ესპანურ კლუბს ტიბო კურტუას შეძენაში.

– პოლ პოგბა იმედგაცრუებულია მოურინიოს კრიტიკით და უნდა „ბარსელონაში“ ან „იუვენტუსში“ გადასვლა. ESPN წერს, რომ ფრანგს არ მოსწონს ის, რასაც მასზე პორტუგალიელი ლაპარაკობს. ყველაზე მეტად არ მოეწონა მოურინიოს სიტყვები იმაზე, რომ პოგბამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაცილებით უკეთ ითამაშა, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედში“ მთელი სეზონის განმავლობაში. თავად მოურინიო კი არ აპირებს პოგბას გაშვებას და უკვე დაბლოკა „ბარსელონას“ წინადადება. კატალონელები სთავაზობდნენ გომიშს, მინასა და 50 მილიონს.

– Mundo Deportivo წერს, რომ „არსენალი“ იჯარით აიყვანს უსმან დემბელეს და ამაში 10 მილიონ ევროს გადაიხდის, მომავალი წლის ზაფხულში კი 90 მილიონად გამოისყიდის ფრანგს.

დღის სხვა ამბები

– პეპ გვარდიოლამ Sky Sports-ს განუცხადა, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ დაასრულა სატრანსფერო კამპანია.

– „პარმამ“ „ინტერის“ ერთბაშად სამი ფეხბურთელი გაიფორმა: ალესანდრო ბასტონი, ფედერიკო დიმარკო და ჟონათან ბიაბიანი.

– ავსტრალიურმა კლუბმა „სენტრალ კოსტ მარინერსმა“ გამოაცხადა, რომ მის რიგებს შეუერთდა უსაინ ბოლტი. იამაიკელი სპრინტერი ავსტრალიელებთან ერთად ივარჯიშებს და მეტი არაფერი – პროფესიული კონტრაქტი მას არ გაუფორმებია.

– ნიკოლა კალინიჩი სულ უფრო ახლოსაა „ატლეტიკოსთან“. „მილანი“ მზად არის ხორვატი 15 მილიონ ევროდ დათმოს. სამედიცინო შემოწმება ოთხშაბათს გაიმართება.

– პიტერ კრაუჩი 37 წლისაა, მაგრამ ისევ არის მასზე მოთხოვნა პრემიერლიგის გუნდებიდან. The Sun დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში ფორვარდს „ბარნლი“ გაიფორმებს.

– კურტუამ „ჩელსის“ მეორე ვარჯიში გამოტოვა და გადაიხდის 225 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმას, – იტყობინება BBC. ბელგიელი სამშობლოშია და განაცხადა „რეალში“ გადასვლის გეგმებზე.