პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის დებატები 19 აპრილს სტადიონზე გაიმართება
პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის დებატები 19 აპრილს სტადიონზე გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დათანხმდა ვლადიმერ ზელენსკის შეთავაზებას, 19 აპრილს დებატების კიევის სტადიონზე გამართვის შესახებ. როგორც ტელეკომპანია 112-ის ეთერში მოქმედმა პრეზიენტმა განაცხადა, საჭიროა ამომრჩეველმა მიიღოს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და მზად არის ზელენსკისთან სადებატოდ სტადიონზე მივიდეს.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ თითოეულმა უკრაინელმა მოქალაქემ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს კანდიდატების შესახებ. აუცილებელია მოქალაქეებმა აბსოლუტურად გაცნობიერებულად გააკეთონ არჩევანი. ამიტომ 19 აპრილს ჩვენ სტადიონზე შევხვდებით“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

შეგახსენებთ, უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმერ ზელენსკი ვერ თანხმდებოდნენ 19 აპრილის დებატების გამართვის დროსა და ადგილზე.

ვლადიმერ ზელენსკი ჯერ კიდევ 3 აპრილს გამოვიდა ინიციატივით, რომ დებატები 19 აპრილს 19:00 საათზე გამართულიყო, პეტრო პოროშენკო დებატებზე თანახმა იყო, თუმცა დებატების გამართვას უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში ითხოვდა.

ამას გარდა, პეტრო პოროშენკომ ვლადიმერ ზელენსკი კიევის ოლიმპიურ სტადიონზე დებატებზე14 აპრილსაც მიიწვია, თუმცა ზელენსკი დებატებზე არ გამოცხადდა.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.