უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქმეზე სასამართლო სხდომა 19 იანვრამდე გადაიდო. ინფორმაციას უკრაინული სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს. სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
პეჩორის რაიონულ სასამართლოში სახელმწიფო ღალატის ბრალდების საქმეზე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პროცესი 17 იანვარს, შუადღისას დაიწყო. თავად პოროშენკო უკრაინაში პოლონეთიდან სწორედ სასამართლო სხდომის დღეს დაბრუნდა. ის სასამართლოში აეროპორტიდან მივიდა.
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
„უნიანის“ ცნობით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გადაწყვეტილების გამოცხადება ოთხშაბათამდე არ არის მოსალოდნელი.