პეტრო პოროშენკომ შავ ზღვაში უკრაინის კონტროლის ზონა გააფართოვა
პეტრო პოროშენკომ შავ ზღვაში უკრაინის კონტროლის ზონა გააფართოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ შავ ზღვაში უკრაინის კონტროლის ზონა გააფართოვა. ამიერიდან უკრაინის ხელისუფლებას უფლება ექნება შეამოწმოს ყველა ის ხომალდი, რომელიც უკრაინის ტერიტორიული წყლებიდან 24 საზღვაო მილის დაშორებით ჩაივლის. ამრიგად, უკრაინის კონტროლის ზონა შავ ზღვაში ორჯერ გაიზარდა.

„ტერიტორიული წყლების სიახლოვეს მდებარე ზონა, საერთაშორისო ნორმების მიხედვით, არ წარმოადგენს არც იურისდიქციის და არც სუვერენიტეტის ზონას. ეს არის საზღვაო მონაკვეთი, რომელშიც შეზღუდული კონტროლის განხორციელება შესაძლებელია“, – აცხადებს კანონის ერთ-ერთი ავტორი, უკრაინელი დეპუტატი ირინა ფრიზი.

„ეს კანონი უზრუნველყოფს საბაჟო, ფისკალური, სანიტარული და მიგრაციული კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების აღმოფხვრას”, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

დაძაბულობის ესკალაცია შავ ზღვაში 25 ნოემბერს მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, როდესაც რუსმა მესაზღვრეებმა სამი უკრაინული გემი და ეკიპაჟის 24 წევრი დააკავეს. ხომალდები ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ქერჩის პორტში გადაიყვანეს. უკრაინელი მეზღვაურები კი რუსეთის ციხეში რჩებიან.