პეტრო პოროშენკომ ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ კანონს ხელი მოაწერა
პეტრო პოროშენკომ ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ კანონს ხელი მოაწერა. პოროშენკომ აღნიშნული კანონის მიღებას უკრაინის ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურის შექმნაში გადამწყვეტი ეტაპი უწოდა.

უმაღლესმა რადამ ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას მხარი გასულ კვირას დაუჭირა. ინიციატივას 315-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 25 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის ინიციატორი უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იყო. კენჭისყრამდე კანონმდებლებმა ორი ათასამდე შესწორება განიხილეს.

ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის საკითხი უკრაინასა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის მრავალი თვის განმავლობაში უთანხმოების მთავარი მიზეზი იყო. საერთაშორისო დონორების მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარება სწორედ ანტიკორუფციული რეფორმის დასრულებაზე იყო დამოკიდებული.  კანონში სადავო საკითხს მოსამართლეების დანიშვნის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების როლი წარმოადგენდა. აღნიშნულ თემაზე კონსულტაციები რადაში კენჭისყრის დღესაც გრძელდებოდა, საბოლოოდ კი, მხარეები კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ.

“საერთაშორისო ექსპერტების საზოგადოებრივი საბჭოს არა ნაკლები სამი წევრის ინიციატივით, მოსამართლის თანამდებობაზე ნებისმიერი კანდიდატის შესაბამისობის საკითხი განიხილება საერთაშორისო ექსპერტების საბჭოსა და უკრაინის მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის სპეციალურ ერთობლივ სხდომაზე. კანდიდატის შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საერთო შემადგენლობის უმრავლესობით, იმ პირობით, თუ მას მხარი დაუჭირა საერთაშორისო ექსპერტების საერთაშორისო საბჭოს სულ მცირე ნახევარმა”, – განმარტა რადას სამართლებრივი საკითხებისა და მართლმსაჯულების კომიტეტის თავმჯდომარემ რუსლან კნიაზევიჩმა.

ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას მიესალმება ვენეციის კომისია, რომლის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო აცხადებს, რომ კანონი მის რეკომენდაციებს შეესაბამება. სასამართლოს იურისდიქციას დაექვემდებარება 34 ათას დოლარზე მეტი ოდენობის კორუფციული სქემები.

უკრაინის რადაში ვარაუდობენ, რომ ანტიკორუფციულმა სასამართლომ პირველი საქმე შესაძლოა, 2019 წლის დასაწყისში განიხილოს.