პეტრო პოროშენკო ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა
პეტრო პოროშენკო ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა ZN.UA საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, საუბარი მოკლე არ ყოფილა და ის უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა, მიზეზი კი მინსკის შეთანხმებების გაფორმების მესამე წლისთავი იყო.

როგორც გამოცემა იტყობინება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი დაადასტურეს.

„უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი უკრაინელი ტყვეების გათავისუფლების აქტივიზაციისთვის გამართა, კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დატყვევებული მესაზღვრეების გაცვლისა და უკრაინელი სამხედროების გათავისუფლებისთვის. ამასთან, განხილული იყო მიუნხენში 16 თებერვალს დაგეგმილი ნორმანდიული ოთხეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგი. სატელეფონო საუბარი ნორმანდიული ფორმატის ევროპელ პარტნიორებთან და ამერიკელ მოკავშირეებთან კოორდინირებით შედგა“, – განაცხადეს პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში.

აღსანიშნავია, რომ სატელეფონო საუბრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტისა და კრემლის ოფიციალურ ვებგვერდებზე სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.