პეტრო პოროშენკო - პუტინს წარმოდგენა არ აქვს, რა გააკეთოს დონბასთან მიმართებაში
პეტრო პოროშენკო - პუტინს წარმოდგენა არ აქვს, რა გააკეთოს დონბასთან მიმართებაში

უკრაინის პრეზიდენტი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინი მინსკის შეთანხმებების შესასრულებლად მზად არ არის და მას საერთოდ არ გააჩნია სტრატეგია დონბასთან დაკავშირებით. ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ავსტრიულ გამოცემა Profil-თან ინტერვიუში გააკეთა.

„მინსკის შეთანხმებაში მკაფიოდ არის ნათქვამი: ჯარის გაყვანა; საზღვრის ჩაკეტვა; ცეცხლის შეწყვეტა. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ პოლიტიკური პროცესის დაწყებას. მაგრამ პუტინი არაფერ კარგს არ გააკეთებს“, – განცხადა პოროშენკომ.

გარდა ამისა, პოროშენკო დარწმუნებულია, რომ პუტინს დონბასთან დაკავშირებით სტრატეგია არ აქვს.

„აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ პუტინს წარმოდგენა არ აქვს რა გააკეთოს დონბასთან მიმართებაში. ვლადიმერ პუტინმა უბრალოდ უნდა აღიაროს, რომ ეს უკრაინის ტერიტორიაა და პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს. ბატონო პუტინო შეწყვიტეთ ხალხის ხოცვა უკრაინაში, სირიაში და მსოფლიოს სხვა რეგიონებში“, – განცხადა პეტრო პოროშენკომ.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტი თვლის, რომ ავსტრიას არ სჭირდება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობა, რადგან მისი მეზობელი რუსეთი არ არის.

„იცით რატომ არ სჭირდება ასვტრიას ნატოს წევრობა? იმიტომ, რომ თქვენი მეზობელი რუსეთი არ არის. ნატო კოლექტიური თავდაცვის ერთადერთი ეფექტური მექანიზმია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ.