პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ქერჩის სრუტესთან მომხდარის შემდეგ პუტინთან სატელეფონო საუბარი შეუკვეთა, თუმცა პასუხი არ მიუღია
პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ქერჩის სრუტესთან მომხდარის შემდეგ პუტინთან სატელეფონო საუბარი შეუკვეთა, თუმცა პასუხი არ მიუღია

ქერჩის სრუტესთან განვითარებული მოვლენების შემდეგ პეტრო პოროშენკო ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვას ცდილობდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, უკრაინულ არხთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

როგორც პოროშენკომ აღნიშნა, სატელეფონო საუბრის გამართვის მცდელობა უპასუხოდ დარჩა, რის შემდეგაც მან ანგელა მერკელს მიმართა.

„იმავე ღამით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი შევუკვეთე, თუმცა პასუხი არ მიმიღია. ამის შემდეგ იძულებული ვიყავი, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისთვის მიმემართა, რათა უკრაინელების დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით ვლადიმერ პუტინს დალაპარაკებოდა“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ ინტერვიუში.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ ქვეყნის 10 ოლქში საომარი მდგომარეობა 30 დღეს, ანუ 26 დეკემბრამდე გაგრძელდება. მისი თქმით, საომარი მდგომარეობა ქვეყნის ნაწილში 26 ნოემბერს ამოქმედდა.

პეტრო პოროშენკომ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საომარი მდგომარეობის ხანგრძლივობის რამდენჯერმე შეცვლის მიზეზი ამომრჩევლის უფლების გათვალისწინება იყო. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გადაწყვეტილება იმიტომ შეცვალა, რომ ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნებისთვის საომარ მდგომარეობას ხელი არ შეეშალა.

უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღება რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხის გამო აუცილებელია. პეტრო პოროშენკოს თქმით, მათ ხელთ აქვთ გარკვეული მონაცემები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ქერჩის სრუტეში მომხდარი მხოლოდ დასაწყისია.