პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ დასავლეთმა რუსეთის ყველა სიგნალი უგულვებელყო, მათ შორის საქართველოზე თავდასხმა
პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ დასავლეთმა რუსეთის ყველა სიგნალი უგულვებელყო, მათ შორის საქართველოზე თავდასხმა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ დასავლეთმა რუსეთის ყველა სიგნალი უგულვებელყო, მათ შორის საქართველოზე თავდასხმა, ამიტომ უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის აგრესია მოულოდნელი აღმოჩნდა. აღნიშნული განცხადება პეტრო პოროშენკომ უმაღლეს რადაში ყოველწლიური გამოსვლის დროს გააკეთა.

„რუსეთის აგრესია დასავლეთისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. უგულვებელყოფილი იყო ყველა მნიშვნელოვანი სიგნალი: პროვოკაცია ტუზლაში, 2007 წლის მიუნხენის ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტის დაუფარავად აგრესიული გამოსვლა, სადაც მან პრინციპში ყველა გააფრთხილა,  ასევე 2008 წლის თავდასხმა საქართველოზე.  ყირიმის ოკუპაციაზე პირველი რეაქციაც იყო სუსტი და უკბილო“, – განაცხადა პორoშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ კონსოლიდირებული პოზიციისკენ მოუწოდა.

„ახლაც კი, დონბასში ათასობით მსხვერპლის, MH17-ის ტრაგედიის, სირიისა და სოლსბერის შემდეგ, დასავლეთში არც თუ ისე ცოტაა პუტინის სულში ჩახედვის მსურველი. მაინტერესებს, ბატონებო, რისი ნახვა გსურთ იქ? ყველაფერი ხომ ისედაც თვალსაჩინოა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პოროშენკოს განცხადებით, რუსეთი მხარს უჭერს მემარჯვენე და პოპულისტურ მოძრაობებს, აღვივებს ევროსკეპტიციზმს, ერევა არჩევნებსა და რეფერენდუმებში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველა, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთის აგრესია უკრაინას დასავლეთის მხარდაჭერით ავტომატურად უზრუნველყოფს, ცდება.
„მხარდაჭერისთვის ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო“, – აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.