პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ დაიცავს სასულიერო პირებს, რომლებიც მოსკოვის დაქვემდებარებიდან გასვლას მოისურვებენ
პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ დაიცავს სასულიერო პირებს, რომლებიც მოსკოვის დაქვემდებარებიდან გასვლას მოისურვებენ

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პირობას დებს, რომ დაიცავს ყველა სასულიერო პირსა და მორწმუნეს, რომელიც მოსკოვის დაქვემდებარებიდან გასვლას მოისურვებს. ამის შესახებ პოროშენკომ უმაღლესი რადისადმი ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.

„გარანტიას გაძლევთ, რომ სახელმწიფო დაიცავს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ღვთისმსახურისა და მრევლის უფლებებს, რომელებიც მოსკოვის დაქვემდებარებიდან გასვლას ნებაყოფლობით გადაწყვეტენ, რათა სხვა მართლმადიდებლებთან ერთად, ერთიანი ეკლესია შექმნან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამავე დროს პოროშენკომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო პატივისცემით მოეკიდება იმ პირების არჩევანს, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელ ეკლესიაში დარჩენას გადაწყვეტენ.

„ჩვენ არ მოვიდრეკთ მუხლს სხვისი ღმერთების წინაშე. და ეკლესიის შიდა საქმეებშიც არ ჩავერევით. რატომ იბრძვიან ასე ამის გამო? იმიტომ, რომ იმპერია გავლენის ერთ-ერთ უკანასკნელ ბერკეტს კარგავს“, – აღნიშნა პოროშენკომ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება.
შეგახსენებთ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურა დაიწყო.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა კიევში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მომზადების ფარგლებში, საკუთარი წარმომადგენლები გაგზავნა. ამის შემდეგ რუსეთის საპატრიარქოს სინოდმა გადაწყვიტა, რომ პატრიარქი კირილი კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ღვთისმსახურების დროს აღარ მოიხსენიებს.