პეტრიაშვილმა ბერიანიძეს ისევ მოუგო და ფინალში მეტოქეს ელოდება [ვიდეო]
ინდოეთის პროფესიულ საჭიდაო ლიგაში გენო პეტრიაშვილმა მეექვსე შეხვედრაც მოიგო. აღნიშნული ტურნირის ნახევარფინალში მისი გუნდი – „პანჯაბ როიალსი“ სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძის გუნდს – „ვეერ მარათასს“ დაუპირისპირდა. შესაბამისად, მიმდინარე ტურნირზე პეტრიაშვილი-ბერიანიძის დაპირისპირება კიდევ ერთხელ შედგა.
ამჯერად პეტრიაშვილმა პირველი პერიოდი მინიმალური სხვაობით, 1-0 მოიგო, მეორეში კი 3-1 გაიმარჯვა და საბოლოოდ ბერიანიძე 4-1 დაამრცხა.
შეგახსენებთ, რომ პეტრიაშვილმა სამქულიანი უპირატესობით იმარჯვა მათ წინა შეხვედრაშიც. ამ სპორტსმენებს შორის 14 იანვარს გამართული ორთაბრძოლა მშრალი ანგარიშით – 3-0 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა „პანჯაბ როიალსმა“ ფინალში გასვლა უკვე მეექვსე შეხვედრაში გაინაღდა, როცა საერთო ანგარიშში 5-1 დაწინაურდა. საბოლოოდ კი პანჯაბელებმა 6-3 მოიგეს.
ლიგა, ინდივიდუალური სტატისტიკის მიხედვით, ტურნირის ხუთ საუკეთესო სპორტსმენსაც ავლენს. ტოპ ხუთს ამ ეტაპზე, ექვსი შეხვედრიდან ამდენივე გამარჯვებით, გენო პეტრიაშვილი ერთპიროვნულად ლიდერობს.
მეორე ნახევარფინალი ხვალ, 25 იანვარს ლადო ხინჩეგაშვილის „ჰარიანა ჰამერსსა“ და „დანგალს“ შორის გაიმართება. ეს გუნდები გუშინ ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზეც დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ლადოს გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
პროფესიული საჭიდაო ლიგის ფინალი ნიუ დელიში 26 იანვარს გაიმართება.