პეტრიაშვილის N14-ში მდებარე ისტორიული საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდება
მთაწმინდის რაიონის გამგეობა ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩის N14-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალურ გამაგრებას იწყებს.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტით გათვალისწინებულია შენობის ფასადის რეაბილიტაცია და პირვანდელი სახის დაბრუნება.
„კიდევ ერთი ისტორიული შენობის კაპიტალურ რეაბილიტაციას მთაწმინდის რაიონის გამგეობა განახორციელებს. კერძოდ, გამაგრდება ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩის N14-ში არსებული საცხოვრებელი სახლი. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, III კატეგორიის ავარიულობის ხარისხისაა. ის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება. პროექტით გათვალისწინებულია შენობის ფასადის რეაბილიტაცია და პირვანდელი სახის დაბრუნება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ყველა დეტალს. ყველაფერი მოწესრიგდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის პერიოდში ადგილობრივი მცხოვრებლები ბინის ქირით იქნებიან უზრუნველყოფილი.
„ამაჟამად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში 19 ოჯახი ცხოვრობს. სამუშაოების პროცესში, აღნიშნულ ოჯახებს ქირით გავიყვანთ. შენობის გამაგრების შემდეგ, მათ რეაბილიტირებული და მოწესრიგებული საცხოვრებელი სახლები გადაეცემათ. სამუშაოები 2027 წლის მარტში დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.