პეტრე ცისკარიშვილი - რუსეთისგან მოკლევადიანი ბენეფიტის მისაღებად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს სამომავლო პერსპექტივები მოისპოს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება.
ცისკარიშვილის თქმით, რუსეთისგან მოკლევადიანი ბენეფიტების მისაღებად „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს სამომავლო პერსპექტივები მოისპოს.
„პირდაპირი ფრენები მხოლოდ მგზავრობა და ტრანსპორტი არ არის, ამას აქვს სერიოზული სიმბოლური დატვირთვა. ავიამიმოსვლა იყო პირველი, რაც აიკრძალა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. საქართველოსთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ, ჩვენი ხელისუფლებაც აცხადებს, რომ აქვს ევროპული კურსი და მეორე ხელით ბრუნდება და რუსეთთან პირდაპირ ფრენებს იწყებს, ეს იქნება კატასტროფული შედეგების მომტანი საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.
ამის თაობაზე აშშ-დან გზავნილი იყო ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში. ძალიან მკაფიოდ თქვეს ვაშინგტონიდან, რომ ის კომპანიები, რომლებიც იფრენენ რუსეთის მიმართულებით, იქნებიან დასანქცირებული, მათ შორის ქართული კომპანიები. ეს მხოლოდ კომპანიის დასანქცირებას არ ნიშნავს, თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ, ეს ნიშნავს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის კატასტროფას. დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში შენ ხვდები რუსეთის, ბელარუსის, ირანის – ამ ქვეყანათა კლუბში, სადაც საქართველოს მოსახლეობას არ უნდა ყოფნა. ეს ხელისუფლება, იმიტომ, რომ რაღაც მოკლევადიანი ბენეფიტი მიიღოს რუსეთისგან და გამდიდრდეს, ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს სამომავლო პერსპექტივები მოისპოს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.
საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.