პეტრე ცისკარიშვილი - არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე განცხადებას ვირწმუნებდი, საპარლამენტო არჩევნების წინ სააკაშვილი რომ შეეწყალებინათ
მამუკა ხაზარაძეც და ბადრი ჯაფარიძეც იყვნენ პოლიტპატიმრები. მივესალმები ყველა პოლიტპატიმრის თავისუფლებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებაზე განცხადება დამაჯერებელი იქნებოდა, თუ საპარლამენტო არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილსაც შეიწყალებდნენ.
„მივესალმები ყველა პოლიტპატიმრის თავისუფლებას. ეს ჩვენ ადამიანურად ძალიან გვიხარია. რა თქმა უნდა, მამუკა ხაზარაძეც და ბადრი ჯაფარიძეც იყვნენ პოლიტპატიმრები, აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებით ციხეში გამოკეტილი. თუმცა „ოცნების“ მხრიდან მე ვირწმუნებდი იმ განცხადებას, სადაც ისინი გულისხმობენ, რომ არჩევნები თურმე კონკურენტულ გარემოში უნდა ტარდებოდეს. ჯერ ერთი, ეს არანაირი არჩევნები არ არის; და მეორეც, ეს განცხადება დამაჯერებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში შეიწყალებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ექნებოდა საშუალება, სრულფასოვნად ჩართულიყო საპარლამენტო არჩევნების პროცესში. მაშინ ნამდვილად ვირწმუნებდი, რომ მათი პოლიტიკური ნებაა, რომ ნებისმიერ დონეზე ჩატარებული არჩევნები მიმდინარეობდეს კონკურენტულ გარემოში და არცერთი პარტიის პოლიტიკური თუ მოძრაობის ლიდერი არ იყოს ციხეში“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.