პეტრე ცისკარიშვილი - კონსულტაცია დაწყებული გვაქვს სამუშაო ჯგუფის შედგენაზე, რომელმაც უნდა გამოჭედოს ამომრჩევლისთვის არჩევნების წესები, ეს მარტივი საქმე არ არის 
პეტრე ცისკარიშვილი - კონსულტაცია დაწყებული გვაქვს სამუშაო ჯგუფის შედგენაზე, რომელმაც უნდა გამოჭედოს ამომრჩევლისთვის არჩევნების წესები, ეს მარტივი საქმე არ არის 

ჩემი პოზიცია ძალიან მკაფიოდ მაქვს ჩამოყალიბებული და მოხსენებული, რომ არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა პარტიაში ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის შედგენასთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები დაწყებულია, რომელმაც ამომრჩევლისთვის არჩევნების წესები უნდა შეიმუშაოს.

„ჩემს კანდიდატურას არ განვიხილავ თავმჯდომარის პოსტზე. ვისაც ასეთი იდეა გაუჩნდება, წინასწარ უნდა შეგითანხმოს, შენთან კონსულტაციები გაიაროს და დაეთანხმო. ასე არ ხდება, დილას გაიღვიძო და აღმოჩნდეს, რომ ვიღაცამ შენი კანდიდატურა დააყენა. ჩემი პოზიცია ძალიან მკაფიოდ მაქვს ჩამოყალიბებული და მოხსენებული, რომ არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას. ჩვენ გვაქვს შიდადემოკრატიული პროცესი, მთავარია, ახლა საორგანიზაციო საკითხები გავიაროთ. ყველას ექნება საშუალება, უბრალოდ, უნდა იყოს ,,ნაციონალური მოძრაობის” აქტივი, ამომრჩეველი, მხარდამჭერები. არ გვჭირდება სუსი-დან დახმარება შიდადემოკრატიულ პროცესში. აქედან გამომდინარე, დელეგატების მიერ კენჭისყრის შედეგად, ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე. ნიკა მელიაც თავის ოთახშია, ოფისშია, ვისაუბრეთ. სამუშაო ჯგუფმა უნდა გამოჭედოს არჩევნების წესები ამომრჩევლისთვის, ანუ დელეგატების სიები. ეს მარტივი საქმე არაა, მოითხოვს გარკვეულ დროს.

მივესალმებით ნებისმიერს, რომელიც დააყენებს თავის კანდიდატურას თავმჯდომარის პოსტზე. ვფიქრობ, ისინიც მოითხოვენ სამუშაო ჯგუფში ჩართვას წესების შემუშავებასთან დაკავშირებით. ყველას წარმატებას ვუსურვებ, ამ დემოკრატიულ პროცესში ვინც არის მონაწილე და ვისაც სურვილი აქვს. ეს ადამიანებიც ჩვენი პარტიის მხარდამჭერები, პარტიულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართული ადამიანები არიან. მათ აქვთ ყველანაირი ლეგიტიმაცია, რომ საკუთარი კანდიდატურა წამოაყენონ. დანარჩენს ჩვენი დელეგატები ყრილობაზე გადაწყვეტენ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.