პეტრე ცისკარიშვილი - გვინდა, მოგმართოთ ყველას ევროპარლამენტში, ჩვენი თხოვნაა, მიაწვდინეთ ხმა თქვენს მთავრობებსა და ევროკომისიას, რომ ჩაერთონ მიშა სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაში
პეტრე ცისკარიშვილი - გვინდა, მოგმართოთ ყველას ევროპარლამენტში, ჩვენი თხოვნაა, მიაწვდინეთ ხმა თქვენს მთავრობებსა და ევროკომისიას, რომ ჩაერთონ მიშა სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაში

ჩვენი თხოვნაა, რომ შეეცადოთ და მიაწვდინოთ ხმა თქვენს მთავრობებს და ევროკომისიას ბრიუსელში, რომ ისინიც ჩაერთონ მიშა სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ევროპარლამენტარებმა თავიანთ საქმეს მიხედონ და ჩვენ ჩვენსას მივხედავთო, თუმცა მათ უფრო მეტად ეშინიათ და მეტ ყურადღებას აქცევენ, როდესაც აღმასრულებელი შტოდან და მთავრობებიდან ხორციელდება ზეწოლა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა სტრასბურგში Renew Europe-ის პოლიტიკური ჯგუფის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ყარა-მურზას, გორინოვისა და სააკაშვილის შესახებ ისაუბრეს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეშინია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება გამოწვევა მათი ძალაუფლებისთვის, როგორც კი გათავისუფლდება.

„გვინდა, მოგმართოთ ყველას ამ დარბაზში და ევროპარლამენტში, გვესმის, რომ თქვენ იღებთ რეზოლუციებს, რომლებიც არის ძალიან ხმამაღალი და კონკრეტული, განსაკუთრებით, მიშა სააკაშვილსა და მის ჯანმრთელობაზე. ის ასევე პოლიტიკური პატიმარია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმს ეშინია მისი, როგორც პოლიტიკური ოპონენტის და უკრაინის საკითხზე ძალიან ხმამაღალი სპიკერის, მაშინ როდესაც ისინი მხარს უჭერენ რუსეთს ღიად თუ დახურული გზით. ისინი კეთილგანწყობილი არიან პუტინის მიმართ და მხარს უჭერენ რუსეთს, ქართველი ხალხი და მიხეილ სააკაშვილი კი – უკრაინას, და ეს მათ ძალიან კარგად იციან. მათ არ სურთ, რომ სააკაშვილი საერთაშორისო მედიაში ღიად საუბრობდეს გეოპოლიტიკურ კონტექსტზე და იმაზე, რაც ხდება საქართველოსა და უკრაინაში. ასევე, ეშინიათ, რომ ის იქნება გამოწვევა „ქართული ოცნების“ ძალაუფლებისთვის, როგორც კი გარეთ გამოვა და მიზეზი, რის გამოც ის მოწამლეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, მისი პოლიტიკური წონა და კალიბრია.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ადგილობრივ დონეზე არაერთხელ განაცხადა, რომ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ და მხედველობაში მიიღებენ, თუ აღმასრულებელი შტო მეტ ზეწოლას განახორციელებს. ჩვენი თხოვნაა, რომ შეეცადოთ და მიაწვდინეთ ხმა თქვენს მთავრობებს და ევროკომისიას ბრიუსელში, რომ ისინიც ჩაერთონ მიშა სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაში. ისინი (საქართველოს ხელისუფლება) კი ამბობენ, რომ ევროპარლამენტარებმა თავიანთ საქმეს მიხედონ და ჩვენ ჩვენსას მივხედავთო, თუმცა მათ უფრო მეტად ეშინიათ და მეტ ყურადღებას აქცევენ, როდესაც აღმასრულებელი შტოდან და მთავრობებიდან ხორციელდება ზეწოლა“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მათ ხელისუფლება დემოკრატიული გზით გადააბარეს „ქართულ ოცნებას“ იმ იმედით, რომ შენარჩუნდებოდა ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია და ღირებულებები.

„თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ახლა ჩვენ ძალიან ძლიერი ავტორიტარული რეჟიმი გვაქვს, რომელიც, პარადოქსულია, წინააღმდეგია საქართველოს მოსახლეობის, ამომრჩევლების 80%-ზე მეტის ნების, არის პრორუსული და ეს არ არის ჩემი შეფასება. ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიტყვებია, რომ ამჟამინდელი „ქართული ოცნების“ რეჟიმი მას იანუკოვიჩისას ახსენებს, რადგან ბოლოდროინდელმა აქციებმა, რომლებიც თბილისში გვქონდა, მას მაიდანის აქციები გაახსენა, რომელიც 2013-2014 წლებში იანუკოვიჩის წინააღმდეგ იმართებოდა“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.