პეტრე ცისკარიშვილი - გიორგი ვაშაძემ საკუთარ პარტიას მიხედოს, მიხეილ სააკაშვილი არსად წასვლას არ აპირებს და არც უნდა წავიდეს
პეტრე ცისკარიშვილი - გიორგი ვაშაძემ საკუთარ პარტიას მიხედოს, მიხეილ სააკაშვილი არსად წასვლას არ აპირებს და არც უნდა წავიდეს

გიორგი ვაშაძემ საკუთარ პარტიას მიხედოს, ხოლო ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიშა სააკაშვილი თვითონ გადავწყვეტთ, წავა თუ დარჩება ქართულ პოლიტიკაში, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გაკეთებულ განცხადებას, რომ ქართული პოლიტიკისთვის კარგი იქნება, თუ ივანიშვილის მსგავსად წასვლაზე განცხადებას მიხეილ სააკაშვილიც გააკეთებს.

ცისკარიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი არსად წასვლას არ გეგმავს და არც უნდა წავიდეს.

„ჩემი აზრით და ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი არსად წასვლას არ აპირებს და არც უნდა წავიდეს. გიორგი ვაშაძის სურვილი გასაგებია, რომ ჩვენც არა 30-35 პროცენტიანი, არამედ მასავით 3-პროცენტიანი პარტია გავხდეთ და მიშა ჩვენთან ერთად არ იყოს, მაგრამ როგორც სააკაშვილი იტყოდა: ნურას უკაცრავად! ასეთი რაღაცები არ გამოვა, არავინ წასვლას არ გეგმავს. არასწორია ერთ სიბრტყეში დაყენება ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ქვეყნის არაფორმალური მმართველია, ქვეყანა გააჩანაგა და გააღატაკა და მიხეილ სააკაშვილის, რომელიც მერვე წელია, არის დევნილი ოპოზიციონერი ლიდერი და თავის პარტიას არჩევნებიდან არჩევნებამდე ეხმარება. სად უნდა წავიდეს?!“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.