პეტრე ცისკარიშვილი - ჩემი პირადი აზრია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს
პეტრე ცისკარიშვილი - ჩემი პირადი აზრია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პეტრე ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეათე მოწვევის საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

მისივე თქმით, საკითხზე პარტიაში ჯერ კიდევ კონსულტაციები მიმდინარეობს.

„პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს, ამაზე ვმსჯელობთ. პარტიის თავჯდომარე ნიკა მელია საპყრობილედან სულ რამდენიმე დღის გამოსულია, მას კონსულტაციები სჭირდება პარტიის წევრებთან და წარმომადგენლებთან, და ამ გადაწყვეტილებას უახლოეს ხანებში მივიღებთ, თქვენც შეგატყობინებთ. ჩემი პირადი აზრია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენმა ფრაქციამ, რომელიც ყველაზე დიდი იქნება, მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. ახლა ის მოცემულობაა, როდესაც ბოიკოტს აზრი აღარ აქვს, რადგან მათ ეს ფასადი უკვე შექმნეს, პარლამენტში ყოფნა „გაიპრავეს“. ერთპარტიული პარლამენტი აღარ არსებობს, რაც „ქართული ოცნებისთვის“ გადასაყლაპად ძალიან მწარე აბი იყო, მაგრამ ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს. ჩვენ მომხრე ვიქნებოდით, რომ „ქართული ოცნება“ მეტ დათმობაზე წამოგვეყვანა, ეს ბოიკოტი რამდენიმე თვე, თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებამდე გაგრძელებულიყო, მაგრამ რადგან ეს ვერ მოხერხდა, არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ იქ მარტო უნდა დავტოვოთ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.