პეტრე ცისკარიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა გამოიჩინოს გამბედაობა, მიხეილ სააკაშვილი გამოუშვას ციხიდან და არჩევნებზე ხალხმა გადაწყვიტოს, ვის ანდობს ქვეყანას
პეტრე ცისკარიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა გამოიჩინოს გამბედაობა, მიხეილ სააკაშვილი გამოუშვას ციხიდან და არჩევნებზე ხალხმა გადაწყვიტოს, ვის ანდობს ქვეყანას

ბიძინა ივანიშვილმა გამბედაობა გამოიჩინოს, მთავარი ოპონენტი მიხეილ სააკაშვილი გამოუშვას ციხიდან, არჩევნებზე ეს ორი ძალა შეეჯიბროს და ხალხმა გადაწყვიტოს, ვის ანდობს ქვეყანას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ჩრდილიდან გამოვიდა, თორემ ის პოლიტიკაში და გუნდის მართვაში მუდმივად იყო ჩართული.

„არ მინდა, ამ თემაზე რაღაც სპეკულაციებში და სხვადასხვა ვერსიის გახმოვანების ერთგვარ ასპარეზობაში ჩავერთო. ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის განმარტება მოვისმინე, თუ რატომ დაბრუნდა. გასაგებია, რომ ძალიან უჭირთ და ეშინია. ერთტურიანი არჩევნებია, მაჟორიტარები არ ჰყავთ, მანდატებთან დაკავშირებული ფორა აღარ აქვთ, აღარც ის სამკვირიანი ფორა აქვთ, როგორც 2018 წელს, რომ გამოვიდა, იტირა, ხალხის მოსყიდვას სხვადასხვა ინსტრუმენტით შეეცადა, რათა მეორე ტურში წარმატებისათვის ისევ და ისევ გაყალბების ფონზე მიეღწია. ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ მის დაბრუნებასთან დაკავშირებით, მაგრამ გამოჩნდა, ჩრდილიდან გამოვიდა, თორემ ის პოლიტიკაში და ამ გუნდის მართვაში მუდმივად იყო ჩართული, ეყო ამის გამბედაობა და ვაჟკაცობა, თუ ამას გამბედაობა სჭირდებოდა. მოდი, ახლა ის გამბედაობა გამოიჩინოს და პოლიტიკური ვაჟკაცობა დავარქვათ ამას, რომ მთავარი ოპონენტი, ოპოზიციონერი, რომელიც იზოლირებულია, რომელიც ციხეშია, რომელსაც არ ეძლევა საშუალება, საარჩევნო კამპანიაში იყოს ჩართული, მიშა სააკაშვილიც გამოუშვას. სულ რაღაც ცხრა თვეში არჩევნებია. ეს ორი ძალა შეეჯიბროს ერთმანეთს და ხალმა გადაწყვიტოს, ვის ანდობს ქვეყანას, ამ სახელმწიფოს მომავალს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.